ძალიან ცუდი კანონპროექტი, რომელიც სასამართლო სისტემაში კანდიდატებს გარედან არ უშვებს“ – ალექსანდრე ბარამიძე

„ვენეციის კომისია მხოლოდ რეკომენდაციებს დადებს. მას პოლიციური ან სხვა სახის იძულება არ შეუძლია. პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი უვარგისია, თუ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შევიდა,“ – აღნიშნული განცხადება, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, ვენეციის კომისია საქართველოში მომავალ კვირას ჩამოვა. მისივე თქმით, პარლამენტის მხრიდან პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი ძალიან ცუდი ვარიანტია, რადგანაც სასამართლო სისტემას კანდიდატებს გარედან არ აკარებს.

„ყველას, ვისაც სურს, მიუხედავად იმისა, ჩაბარებული აქვთ თუ არა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში. ეს საჭიროა იმისათვის, რომ სისტემაში შევიდეს სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატი, რომელიც არ არის სამოსამართლო კორპუსის წევრი, რათა სისტემა განახლდეს და შეივსოს არამოსამართლე კადრებით“ – აღნიშნა ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ და ის პუნქტებიც ჩამოთვალა, რაც კანონპროექტში უნდა შეიცვალოს.

„ის ე.წ. ფარდობითი გადარჩევის ეტაპი, როდესაც იუსტიციის საბჭოს შეუძლია არასასურველი კანდიდატი სრულიად უსაფუძვლოდ გადახაზოს, საერთოდ უნდა ამოიღონ კანონპროექტიდან; როდესაც კანდიდატთან გასაუბრება ხდება, ეს გასაუბრება და შეფასება უნდა მოხდეს არა მხოლოდ კომპეტენტურობის კრიტერიუმის შესაბამისად, არამედ კეთილსინდისიერების შესაბამისად. თუ სადმე არის რელევანტური კეთილსინდისიერების ტესტი, პირველ რიგში რელევანტური არის უზენაესი მოსამართლის კანდიდატისთვის; საბოლოო კენჭისყრისთვის, საბოლოო ფორუმი უნდა შეიცვალოს, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ უმჯობესია, კენჭისყრა მესამე ეტაპზე გაუქმდეს და იმ კანტიდატების წარდგენა მოხდეს, რომლებმაც, კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის ტესტის საფუძველზე საუკეთესო მაჩვენებელი დააგროვეს. ეს იქნებოდა ის ცვლილებები, რომლებიც ამ კანონს მეტ-ნაკლებად მისაღებს გახდიდა“ – აღნიშნა ალექსანდრე ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები