„ძალიან რთულია წინაღობის გადალახვა და აქციაზე მისვლა“ – პროტესტს „ყველა ერთის წინააღმდეგ“ ბექა ნაცვლიშვილიც უერთდება (ვიდეო)

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრი ბექა ნაცვლიშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს უერთდება, თუმცა, გარკვეული წინააღმდეგობების გამო, ფიზიკურად, აქციაზე ვერ მიდის. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გათვლაც სწორედ ის იყო, რომ აქციაზე ბევრი იმ მიზეზით არ შეუერთდებოდა, რომ ის „ნაც. მოძრაობა“ იდგა.

„ვუერთდები, ამ აქციას, შეერთებული ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ, ძალიან გამიჭირდება, ამ წინაღობის გადალახვა და იქ მისვლა.  შეიძლება, იქ არიან ადამიანები, ვისაც „ნაც. მოძრაობა“ გულზე ეხატება, ან გადაიტანეს „ნაც. მოძრაობის“ მიმართ უარყოფითი განწყობები. პროპორციული არჩევნების ირგვლივ გაერთიანებასთან დაკავშირებით მე მათთან ვარ. „პატრიოტთა ალიანსი“ იქ არ მივიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ისინი ამ პროცესის ნაწილი არ არიან“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ „ქართული ოცნება“ ვადამდელი არჩევნების გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

„ეს აქციები იქნება მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ არ მიიღებს გადაწყვეტილებას ვადამდელ არჩევნებზე. პროპორციულ არჩევნებს მეც ვეთანხმები, ვეთანხმები იმ პროტესტს, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ დგას იქ და შეიძლება, არც მივიდე. ბიძინა ივანიშვილის გათვლაც სწორედ ეს იყო. ის ფიქრობდა, რომ „ნაც. მოძრაობა“ გამოვიდოდა ქუჩაში, თუმცა, რადგან ისინი იდგებოდნენ იქ, სხვა პოლიტკური ძალები არ გამოვიდოდნენ, და კაციშვილი მათთან არ მივიდოდა, მაგრამ, ასე არ მოხდა“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.   

მსგავსი თემები