“ძალიან მალე, საინტერესო ცვლილებების მომსწრენი გავხდებით” – “ოცნების” საკადრო პოლიტიკაზე

ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნების” საკადრო პოლიტიკა საკმაოდ არათანმიმდევრული და ბუნდოვანია. გადაწყვეტილებებს, პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ხშირად ერთპიროვნულად, საკუთარ, ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობით იღებს.

” ვისზეც ჩათვლის, რომ წარმატებული იქნება, ამტკიცებს საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, ფაქტობრივად ყოველგვარი ბეგრაუნდის გარეშე”, – აცხადებს ანალიტიკოსი.

​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ვაჟა ბერიძემ განუცხადა, ქართული საზოგადოება ძალიან მალე, საკმაოდ საინტერესო ცვლილებების მომსწრე გახდება. არ გამორიცხავს, რომ შს მინისტრ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად ვიხილოთ.

მისივე თქმით, ამის წინაპირობას ქმნის ოპოზიციაც, რომელიც აქტიურად ცდილობს გახარიას დისკრედიტაციას.

“აღმოჩნდა, რომ გახარია ძლიერი ფიგურაა და მას აქვს შანსი, მთავრობის მეთაურის თანამდებობა დაიკავოს”, – აცხადებს ვაჟა ბერიძე. 

მისივე თქმით, “ქართული ოცნებაში” ძალიან ძლიერია პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ე.წ ახლები. ისინი “ოცნების” გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის ჯგუფში მოიაზრებიან. 

“მთავარის” კითხვაზე, როგორ აპირებს ბიძინა ​ივანიშვილი კადრების პროფესიონალური ნიშნით შერჩევას და არა პირადი ერთგულების საფუძველზე, როგორც მან ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, მარტო ერთგულება საკმარისი არ არის, ვაჟა ბერიძე დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი არ გულისხმობდა პროფესიონალ პოლიტიკოსებს, მას მიაჩნია, რომ ადამიანი უნდა იყოს პროფესიულად კარგი ეკონომისტი, ბიზნესმენი, მეცნიერი და ა.შ. ასეთი გამორჩეულებიდან ნიშნავს ის პოლიტიკოსებად პიროვნებებს, რაც არასწორი მიდგომაა.

“ის თუ გულისხმობს პროფესიონალ პოლიტიკოსებს, რომლებიც წარმატებულები არიან, ასეთ შემთხვევაში ივანიშვილის მიდგომა ზუსტია და სწორია. თავის სპეციალობაში პროფესიონალი პოლიტიკაში წარმატებული რომ იყოს, ამის ალბათობა 1-2%-ია”, – აცხადებს ანალიტიკოსი. 

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონს, ვაჟა ბერიძე ვითარების დრამატიზებასა და სოციალურ აფეთქებაზე საუბარს ზედმეტად მიიჩნევს.

მისივე თქით, ქვეყანაში დღეს არსებული სოციალური ფონი თანაბარია იმისა, რაც იყო ბოლო სამი მმართველის – შევარდნაძე, სააკაშვილის და ივანიშვილის დროს.

​”ქვეყანაში ყოველთვის უმწვავესი იყო სოციალური პრობლემები. ამას ეფექტიანი პიარ-ტექნოლოგიებით ფარავდა სააკაშვილი და ამკვიდრებდა საყოველთაო ეიფორიას. დაბალი სოციალური ფენა საქართველოში 70-75 %-ია და მათი მდგომარეობა ბოლო წლების განმავლობაშ, არც გაუმჯობესებულა და არც გაუარესებულა. ხალხს გამოელია ყველანაირი მარაგი. ჩვენი დიდი მეზობლები კი ცდილობენ, ამით ისარგებლონ”, – აცხადებს ვაჟა ბერიძე.  

მსგავსი თემები