„ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, მჭირდება გარკვეული დრო გადასაფასებლად” – აკაკი ზოიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მან შესაძლოა პოლიტიკური თანამდებობა დატოვოს, თუმცა, დეპუტატი, დასაფიქრებლად და გადასაფასებლად გარკვეულ დროს ითხოვს.    

განცხადება საკუთარ პოზიციაზე, აკაკი ზოიძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„ვისაუბრეთ, მოვისმინე ჩემი კოლეგების პოზიციები მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მადლობა გადავუხადე კოლეგებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იმ დაპირებას, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მივეცით, ყოველ შემთხვევაში, არა მხოლოდ შიგნით, ასევე გარეთაც. ძალიან განხიბლული ვარ საბოლოოდ, გულდაწყვეტილი, იმ შედეგებით, რაც საბოლოო ჯამში მივიღეთ და რაც ასევე ვთვლი, რომ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივეცით ხმა იმ დაპირების შესრულებას, რაც გავეცით“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, მას სჭირდება გარკვეული პაუზა: „მე მჭირდება გარკვეული დრო გადასაფასებლად, დასაფიქრებლად, ქვეყნის მომავალთან, ჩვენი გუნდის მომავალთან და ჩემს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, ამ არგუმენტებისა და ამ სიტუაციის გააზრება. გარკვეული პაუზა მჭირდება ამისთვის და იმედი მაქვს, ადამიანურად გამიგებთ”.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებასთან“ სამომავლო თანამშრომლობას, დეპუტატი აცხადებს, რომ გუნდის დატოვებაზე არ ფიქრობს.

„მე არ მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელიც დააზიანებს „ქართული ოცნების“ იმ ფასეულობებსა და ღირებულებებს, რითაც ჩვენ მოვედით და ასევე იმ თანაგუნდელებს, რომლებიც ამ ღირებულებების ერთგულნი არიან. შესაბამისად, ნებისმიერი შემთხვევაში გადაწყვეტილება საზიანო ამ მიმართულებით და ქვეყნის საზიანო არ იქნება. პაუზა – ეს არის, რომ მე უნდა დავფიქრდე. ვიტყვი საბოლოოდ, რომ ერთადერთი დასკვნა, რაც ჩემს თავში გამოვიტანე, ეს არის, რომ პრაგმატული პოლიტიკა გონებით მესმის, ოღონდ როგორც ჩანს, გულით არა“, – განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა აკაკი ზოიძემ.

მსგავსი თემები