„ძალადობის კვალი მხოლოდ სხეულზე არ რჩება, ის გარდაცვლილის პერანგზეც იქნება“ – ექსპერტი შაქარაშვილის საქმეზე „მედიაცენტრ მთავართან“

კრიმინალისტიკური ექსპერტის ზაზა ალთუნაშვილის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით არსებულ მნიშვნელოვან კითხვებს პასუხი შემთხვევის ადგილიდან ამოღებულმა საგნებმა და ნივთებმა უნდა გასცეს. როგორც ექსპერტმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ძალადობის კვალი მხოლოდ სხეულზე არ რჩება, ის ტანსაცმელზეც იქნება.   

„კომპლექსური ექსპერტიზა ნიშნავს იმას, რომ მასში  სხვადასხვა სახის ექსპერტი მიიღებს მონაწილეობას. სამედიცინო ექსპერტიზის ნაწილში, რომელსაც გავეცანით, გამოკვლეული იყო მხოლოდ სხეული, თუმცა, არ იყო გამოკვლეული შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სხვადასხვა ნივთი, საგანი, ტანსაცმელი. მნიშვნელოვანია, შემთხვევის ადგილიდან რა ნივთები და საგნები ამოიღეს. იყო თუ არა ეს საგნები და ნივთები კავშირში კონკრეტულ შემთხვევასთან“ – განუცხადა ალთუნაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს.“

მისივე თქმით, მნიშვნელოვან კითხვაზე ძალადობასთან დაკავშირებით, სწორედ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ტანსაცმელი გასცემს პასუხს.

„ამ მიმართულებით გამოძიება მუშაობს. ამოღებული ნივთები იძლევა კონრეტულ ინფორმაციას. როგორც იცით, გარდაცვლილს ტანსაცმელი ეცვა. საუბარი იყო რომ პერანგი ეცვა და ღილები შეკრული ჰქონდა. ამას სხვა სახის ექსპერტიზა სჭირდება. ძალადობის კვალი მხოლოდ სხეულზე ხომ არ რჩება. ეს რჩება იგივე ტანსაცმელზე. ამიტომაც, მნიშვნელოვანია ამ საგნების გამოკვლევა“ – განუცხადა ექსპერტმა „მედიაცენტრ მთავარს“.    

მსგავსი თემები