ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართავს

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება დახმარების თხოვნით რუსეთის პარლამენტს მიმართავს.

„სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილზე, სადაც მდებარეობს ტალკის, მარმარილოს, სერპენტინიტის, კერამზიტის უმდიდრესი ბუნებრივი საბადოები, ქართული მხარის მიერ კონტროლის დამყარება რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას უწყობს ხელს”, – ნათქვამია ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიმართვაში.

ამასთან ერთად, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ევროკავშირს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს, რაც ძალის გამოუყენებლობის პრინციპის გარანტიის უზრუნველყოფას გულისხმობს. 

„აღნიშნული გარემოებები აიძულებს სამხრეთ ოსეთის პარლამენტს, მიმართოს თხოვნით რუსეთის ფედერაციის საბჭოს სახელმწიფო დუმას, დაეხმაროს რუსეთის ფედერაციას და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების მეორე მუხლის შესრულებაში, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაცია საკუთარ თავზე იღებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მათ შორის სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვას“, – ნათქვამია მიმართვაში.

ამასთან, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტი რუსეთის პარლამენტის ორივე პალატას მიმართავს თხოვნით, გაიმართოს პარლამენტთაშორისი კონსულტაციები ერთიანი პოლიტიკის შესამუშავებლად, რომელიც ხელს შეუწყობს დაძაბულობის დეესკალაციას, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

მსგავსი თემები