ცხოველთა წამება, მათზე ცდების ჩატარება და ორთაბრძოლებში ჩაბმა პატიმრობით დაისჯება

ცხოველთა გაწვრთნა შემდგომში ორთაბრძოლებში მონაწილეობის მიზნით, ცხოველისთვის არასაჭირო ოპერაციის ჩატარება, ექსპერიმენტი ცხოველზე და სხვა, რომელიც წამების ტოლფასია, 3 წლამდე პატიმრობით დაისჯება.

საკანონმდებლო ცვლილება უკვე მზადაა, ახლა ჯერი პარლამენტზეა. ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში შედის, რომლითაც არსებულ კანონმდებლობაში დანაშაულის ჩამონათვალი იზრდება.

როგორც კანონპროექტში ვკითხულობთ: შინაური ბინადარი ცხოველის გაუმართლებელი მოკვლა – დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ერთიდან ორ წლამდე ვადით; შინაური ბინადარი ცხოველის გამოყენება სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის და ლაბორატორიული ცდების ჩატარება მათზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, ვეტერინარის დანიშნულების გარეშე, – დაისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით;

ცხოველთა გაწვრთნა ორთაბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად, ასევე ცხოველთა ორთაბრძოლის ვიდეო და ფოტო გამოსახულებების გადაღება და გავრცელება ან მათი შენახვა, შემდგომში მათი გავრცელების მიზნით – დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ვადით; პირის მიერ ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით ფულის აღება, ასევე პირის მიერ თავის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის გამოყენება ორთაბრძოლების მოსაწყობად ან სხვისთვის ასეთის ნების დართვა – დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე; ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა, ასევე ინფორმაციის გავრცელება ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ – დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე.

“სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების პროექტს პარლამენტის ბიურო დღეს განიხილავს. სს კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით რამდენიმე თვის უკან, თბილისის მერიის „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ „მედიაცენტრ მთავარში ისაუბრა. როგორც ან აღნიშნა, ევროპის ბევრ ქვეყანაში, ცხოველის მიმართ ჩადენილი სისასტიკე სწორედ სს პასუხისმგებლობით ისჯება.

„ეს მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რაც საქართველოს, განვითარებული სამყაროს გვერდით ამ მიმართულებითაც დააყენებს. ევროპის ბევრ ქვეყანაში ცხოველის მიმართ სისასტიკე, პირველივე ჯერზე საშუალოდ 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. საჯარიმო სანქცია კი ათასობით ევროს აღწევს. ჩვენთან სასჯელი, მხოლოდ მეორე ჯერზე იყო გათვალისწინებული და სისასტიკის ჩამდენები, ამგვარად მართლმსაჯულებას თავს აღწევდნენ. სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2 იდენტური მუხლი არსებობდა, ამჯერად ეს მუხლები გაიმიჯნება და სისასტიკის ჩამდენ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება”, – აღნიშნა ვახტანგ ლომჯარიმ „მედიაცენტრ მთავართან“.

​მისივე ინფორმაციით, აშშ-ში ცხოველის მიმართ სისასტიკე და ცხოველის მკვლელობა ფასდება სისასტიკედ და მიიჩნევა, რომ ამის ჩამდენი ადამიანი საშიშია საზოგადოებისთვის, ასეთი დანაშაული საყურადღებოდ მიიჩნევა.

“ჩვენთან ცხოველის მოკვლის შემთხვევაში პირველივე ჯერზე დამნაშავეს შესაძლოა შეეფარდოს პატიმრობა ან შინა პატიმრობა, რაც მანამდე მეორე ჯერზე დანაშაულის ჩადენას ითვალისწინებდა. სისხლის სამართლის კოდექსით, ასევე, გათვალისწინებული იქნება ცხოველისთვის სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებების მიყენებაზე სასჯელი. დღეს, საზოგადოება რეზონანსული გახდა და მწვავედ რეაგირებენ ცხოველის მიმართ სისასტიკეზე. აქტიურად შუქდება მსგავსი შემთხვევები და დღის წესრიგში დადგა საკითხი, რამდენად შეესაბამება კანონმდებლობა რეალობას”, – აცხადებს ვახტანგ ლომჯარია.

მსგავსი თემები