“ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის განცხადება, თითქოს ქარელში დრონი ქართველმა პოლიციელებმა ჩამოაგდეს, ტყუილია” – სუს-ი

“ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებ, თითქოს ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე დრონი ქართველმა პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩამოაგდეს, არ შეესაბამება სინამდვილეს”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განწყობილია კონსტრუქციულად და უდიდეს ყურადღებას უთმობს არსებული სტაბილური გარემოს შენარჩუნებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებ, თითქოს აღნიშნული დრონის ჩამოგდება მოხდა ქართველი პოლიციელების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, არ შეესაბამება სინამდვილეს“, – განაცხადეს სუს-ში.

უწყების ცნობით, დღეს ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ე.წ. კვადროკოპტერი ჰაერში შეეჯახა სამოქალაქო პირის უპილოტო საფრენ აპარატს, ე.წ. კვადროკოპტერს, რამაც გამოიწვია ორივე მათგანის დაზიანება და ჩამოვარდნა.

მსგავსი თემები