ცხელ წერტილში მომუშავე ექიმებს, რომლებიც კარანტინში მოხვდნენ, ხელფასს არ აძლევენ, დავა სასამართლომდე მიდის (ვიდეო)

„კატასტროფის ცენტრის“ სამედიცინო პერსონალს, რომლებიც „ცხელ წერტილში“ მუშაობდნენ და კარანტინში მოხვდნენ, ხელფასს არ უხდიან. სადაო თანა 3 კვირიან კარანტინის პერიოდს ეხება. სამედიცინო პერსონალი მოლოდინის რეჟიმშია, წინააღმდეგ შემთხვევაში დავა სასამართლო წესით მოუწევთ. ამ თემაზე „მედიაცენტრ მთავარში“ „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუამ ისაუბრა.

„30 ადამიანს მოუწია კარანტინში გადასვლა, ორკვირიანი კარანტინის პირობებში ამ ადამიანს უტარდებოდა ტესტირება, ხუთ მათგანს დაუდგინდა კოვიდ ინფექცია, დანარჩენმა 25 – მა ადამიანმა კარანტინის სივრცე დატოვა სამ კვირაში. კარანტინის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს უნდა ეზრუნა ამ ადამიანებზე, ეს ადამიანები ერთთვიანი კარანტინის შემდეგ ფინანსური სახსრების გარეშე დარჩნენ. ისინი დაუკავშირდნენ კატასტროფის ცენტრს და მოითხოვეს კუთვნილი ანაზღაურება, სადაც დაპირდნენ, რომ მიიღებდნენ სახელფასო ანაზღაურებას, კარანტინის დასრულების შემდეგ თანხა რადგან არ დაერიცხათ ხელახლა დაუკავშირდნენ კატასტროფის ცენტრს,“- განაცხადა სალომე ლოლუამ.

მისივე ინფორმაციით ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავშირების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათ კარანტინში ყოფნის დრო მხოლოდ ორი კვირით განუსაზღვრეს.

„ამ ხალხს კატასტროფის ცენტრმა მოსთხოვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროდან მიეტანათ ცნობა, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ სამი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ კარანტინში. ჯანდაცვის სამინისტროს არ აღიარა დამატებითი ერთი კვირა, ექიმებმა, ვინც დათანხმდნენ ორ კვირიან ვადას აიღეს ცნობა, ხოლო ვინც არ აღიარა არ აიღეს, საგულისხმოა, რომ ვინც აიღო ცნობა მათაც არ მიუღიათ არანაირი თანხა. აღსანიშნავია, ისიც,  რომ ეს ხალხი საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ებრძვიან ეპიდემიას და იმყოფებიან ყველაზე ცხელ წერტილში ეპიდემიის, ბოლნისსა და მარნეულში, სულ მცირე სახელმწიფომ მათ მიმართ უნდა გამოყოს დამატებით სახელფასო პრემიები და ამის ნაცვლად ხდება ის, რომ მათ კუთვნილი კარანტინის ყოფნის პერიოდში მისაღები თანხაც არ აუღიათ.

მივმართავ ჯანდაცვის სამინსიტროს დაუფინანსოს ამ პერსონალს კუთვნილი თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში დავიცავთ მედიკოსების უფლებებს და წავალთ სხვა სამართლებრივი გზით,“ – განაცხადა სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში.“

სალომე ლოლუას ინფორმაციით ექიმებმა მიმართეს იმ სასტუმროს ადმინისტრაციას, სადაც სამი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ, რათა გაეცათ მათი იქ ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა, როგორც ლოლუა ამბობს, სასტუმრომ ტურიზმის ცენტრში გაგზავნა მედიკოსები, ტურიზმის ცენტრმა კი ისევ ჯანდაცვის სამინისტროში.

სალომე ლოლუა აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ პერსონალს თანხა არ ჩაერიცხა ასოციაცია სასამართლოს მიმართავს.

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები