“ცუდის მანიშნებელია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს პირდაპირ გამოაქვს განაჩენი და ითხოვს ადამიანების ლინჩის წესით დასჯას” – განათლების მკვლევარი

განათლების მკვლევარის, რევაზ აფხაზავას განცხადებით, სკოლის ხსენებისას, უნდა გვახსოვდეს, რომ სკოლა არ არის მხოლოდ ადმინისტრაციისა და არც მხოლოდ მასწავლებლების. სკოლა პირველ რიგში იმ მოსწავლეებისაა, რომლებიც იქ სწავლობენ.

მისი თქმით, დღეს “მწვანე სკოლის” მოსწავლეები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან და განსაკუთრებულად სჭირდებათ საზოგადოების მხარდაჭერა, ნაცვლად აგრესიისა, რომელიც სტიქიურად მიემართება მთელი სკოლისკენ.

“ასევე ძალიან ცუდის მანიშნებელია, რომ ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს (მიუხედავად იმისა, რომ ფაქტიურად არანაირ კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს ამ უბედურებასთან დაკავშირებით) პირდაპირ გამოაქვს განაჩენი და ითხოვს ადამიანების ლინჩის წესით დასჯას. სწორედ ასეთ იმპულსური და ძალადობაზე ორიენტირებული საზოგადოება უწყობს ხელს ადამიანების უსამართლო ჩაგვრას. კარგი იქნება თუ არ გვექნება ორმაგი სტანდარტები, რადგან არ მგონია, ასეთი ტიპის ძალადობასთან კიდევ უფრო მეტი ძალადობით ბრძოლამ კარგ შედეგებამდე მიგვიყვანოს.

ახლა მნიშვნელოვანია, ყველანი გამოვიდეთ აფექტის მდგომარეობიდან და ყველა დამნაშავეს პირს თუ სისტემას სამართლიანად გავუნაწილოთ თავისი პასუხისმგებლობა ისე, რომ არ მოხდეს მხოლოდ ერთ რომელიმე სუბიექტზე ხელების შეწმენდა დანარჩენების სიტუაციიდან გამოძრომის ხარჯზე.

ასევე აუცილებელია, საკითხის ძალიან გამჭვირვალე სამართლებრივ რეაგირებასთან ერთად მოხდეს მისი პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური შესწავლა. ნაცვლად კაბინეტებში სკოლის ადმინისტრაციის დაბარება-გასაუბრებისა, ადგილზე უნდა მოხდეს სკოლის კულტურის საფუძვლიანი შესწავლა, პრობლემების იდენტიფიცირება, გამოსავლის გზების ძიება და შესაძლებლობის შემთხვევაში მათი განზოგადება. ასე უნდა მომხდარიყო ხორავას ქუჩის ტრაგედიის შემდეგაც და სხვა შემთხვევებშიც ნაცვლად კამერების და მეტალო-დეტექტორების რაოდენობების გაზრდისა.

ასეთ მგრძნობიარე საკითხებთან დაკავშირებით მედიის დიდი ნაწილის და პოლიტიკოსების სამარცხვინო უვიცობაზე და ოპორტუნიზმზე ისედაც გული გვერევა ყველას და მე აღარაფერს დავამატებ!”, – წერს რევაზ აფხაზავა.

მსგავსი თემები