ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება დასრულდა

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება დასრულდა. საქმის საბოლოო მასალებს ოჯახის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი თბილისის მთავარ სამმართველოში გაეცნო.

„გვქონდა შემაჯამებელი შეხვედრა. საგამოძიებო ორგანოში განვიხილეთ უკვე დასრულებული საგამოძიებო მოქმედებები. როგორც მოგეხსენებათ, საქმე უკვე გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ პირთა მიმართ, რომლებიც არიან დაკავებულები ორი მათგანი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ორი დანაშაულის შეუტყობინებლობაზე და ერთი, რომელიც არ არის დაკავებული და არის ასევე მიცემული პასუხისგებაში დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. არსებული მოცემულობიდან გამომდინარე ვრცელი სამუშაო იქნა გაწეული. 11 ტომია საგამოძიებო მასალები, მით უმეტეს იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ თავად ცოტნე გამსახურდიამ ვერ შეძლო ჩვენების მიცემა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ვფიქრობ, იმ პირთა მიმართ ვინც პასუხისგებაში არიან მიცემულები არსებობს სრული და ამომწურავი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები, რომლებიც მათ ბრალეულობას ადასტურებს. იმედი გვაქვს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნება კანონის მთელი სიმკაცრით გამამტყუნებელი განაჩენები აღნიშნული პირების მიმართ. ასევე მინდა გითხრათ, საქმიდან ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი და კიდევ გრძელდება გამოძიება იმ შესაძლო პირთა მიმართ, რომლებიც შესაძლოა, მონაწილეობდნენ ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმაში. შესაბამისად, როდესაც იქნება შესაძლებელი გარკვეული მტკიცებულებების მოპოვება იმედი გვაქვს, ამ პერიოდში ცოტნე გამსახურდია შეძლებს ჩვენების მიცემას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თუ კიდე ვინმე არის დასასჯელი გამოვლინდება და დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით“, – განაცხადა გამსახურდიების ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა.

საქმეზე სასამართლო პროცესი 6 მაისს ჩაინიშნა.

მსგავსი თემები