ცოტნე გამსახურდიას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

ცოტნე გამსახურდიას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. დაჭრილის ადვოკატსაც და ოჯახსაც ახლა უკვე ექნება წვდომა სისხლის სამართლის მასალებზე და გაარკვევენ, რეალურად რის გამო გაიმეტეს მძიმე დაზიანებებისთვის პირველი პრეზიდენტის შვილი.

ცოტა ხნის წინ პაციენტი ადვოკატმა და მეუღლემ მოინახულეს.

ოჯახი კატეგორიულად უარყოფს  ფაქტთან გავრცელებულ ვერსიებს და აცხადებენ, რომ აუცილებელია, ეფექტიანად მოხდეს გამოძიების ჩატარება და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების დასჯა.

“სიმართლე გითხრათ, მე ის ვიცი, რომ ცოტნეს ნივთები ეყარა ჭიშკართან, სისხლი ესხა ჭიშკართან. თუ სუფრაზე იჩხუბეს, ჭიშკართან როგორ მოხდა?! მე ვფიქრობ, რომ მას ჭიშკართან დახვდნენ ეს ადამიანები. ვერსიებში ცოტა აბსურდული და არაკორექტული რაღაცები წერია. პეტრე ყუფარაძე არის ცოტნეს ძალიან ახლო მეგობარი, არაჩვეულებრივი პიროვნება, ის გამორიცხულია, თავდასხმის მონაწილე  ყოფილიყო,” – აღნიშნა ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ ანა ჯაბაურმა.

ადვოკატის ამირან გიგუაშვილის  განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციები შესასწავლია. მისი განცხადებით, ბრალდებულები კონფლიქტის ინიციატორად ცოტნე გამსახურდიას წარმოჩენას ცდილობენ.

“თითქოს ცოტნე იყო ინიციატორი კონფლიქტის და თითქოს ღვინის ხარისხს უკავშირდებოდა, მე ვფიქრობ, რომ ეს ბრალდებულების მიერ შემოთავაზებული ვერსიაა და ბუნებრივია, ეს არ შეიძლება დამაჯერებელი იყოს. საბედნიეროდ, იმედი გვაქვს, ცოტნე მალე იქნება კონტაქტური და მეტ სიცხადეს მოჰფენს ამ კონკრეტულ შემთხვევას,” – განაცხადა ადვოკატმა.

პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით ბევრი ვერსია ვრცელდება  – ერთ-ერთის თანახმად, დაპირისპირება ღვინის გამო დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიამ სუფრაზე მიიტანა ღვინო, რომელიც დაიწუნეს, ამის გამო კი გამსახურდია განაწყენდა და დაპირისპირებამ გარეთ გადაინაცვლა.  

მოწმის ვერსიით იკვეთება, რომ ცოტნე გამსახურდია ჩხუბის ერთ-ერთ მონაწილეს ხელჯოხით მისდევდა, რა დროსაც პირმა მისი მოგერიება ცივი იარაღის გამოყენებით სცადა.

მსგავსი თემები