ცნობილ რესტორანში „ჩემო კარგო“ სტუმრები მოიწამლნენ, ეჭვი სალმონელას ჩხირებზეა – რას აცხადებენ ადმინისტრაციაში?

თბილისში, ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში სადილობისას სტუმრები მოიწამლნენ. ისინი, კვებითი ინტოქსიკაციით მკურნალობას კლინიკაში გადიან. მოწამლულებს შორისაა მომღერალი სოფო ტოროშელიძეც. ობიექტი სურსათის უვნებლობის სამსახურმაც შეამოწმა. იყო თუ არა მოწამვლის მიზეზი სალმონელას ჩხირი, კვლევები მიმდინარეობს.

„რამოდენიმე დღის წინ რესტორან „ჩემო კარგოს ქარხანა – Chemo Kargo’s Factory”-ში, რომელიც მდებარეობს ბელიაშვილის ქუჩაზე მოიწამლა 4 ადამიანი. მათ შორის არის ჩემი მცირეწლოვანი შვილი. ამჟამად ვიმყოფებით ინფექციურ საავადმყოფოში, საბედნიეროდ ფატალურ შედეგს გადავრჩი, თუმცა უმძიმესი ინტოქსიკაცია აქვს. კუჭ-ნაწლავში აღმოჩნდა სალმონელა ჩხირი, რომელიც ძირითადად ქათმის ხორციდან და კვერცხიდან გადადის. მოწამლულია კიდევ 3 ადამიანი, მათ შორის მაქსიმეს მამა და ჩემი 2 მეგობარი, რომლებიც ასევე საავადმყოფოში იმყოფებიან საშინელი ტკივილებით და ასევე ინტოქსიკაციით! მე მაინტერესებს ვინ აგებს პასუხს და როდის?!“, – წერს სოფო ტოროშელიძე.

ტოროშელიძის გარდა, კვებითი ინტოკსიკაცია რესტორნის სხვა სტუმრებმაც მიიღეს. როგორც ისინი აცხადებენ, ბელიაშვილზე მდებარე რესტორანში იმყოფებოდნენ და ქათმის კერძი მიირთვეს. როგორც თავად აცხადებენ, მათ სალმონელას დიაგნოზი დაუდგინეს.

მომხდართან დაკავშრებით, „მედიაცენტრი მთავარი“ „ჩემო კარგოს“ ადმინისტრაციას დაუკავშირდა. როგორც სალომე მეზურნიშვილმა ჩენთან საუბრისას აღნიშნა, მათ ყველა პაციენტი მოინახულეს, მაქსიმალურად გვერდში უდგანან და კვლევის შედეგებს ელოდებიან.

„3 დღის წინ არიან ეს ადამიანები ჩვენთან სტუმრად მოსულები, არის სავარაუდო ინტოკსიკაცია, თუმცა, ზუსტი პასუხები ჯერჯერობით არ არის  დადასტურებული. საავადმყოფოში, ანალიზების პასუხებით, ჯერ არაფერი დასტურდება. ვარაუდის დონეზე გამოითქვა, რომ ეს არის სალმონელას ჩხირი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდი, რომელიც დადასტურებული არ არის. ობიექტი სურსათის უვნებლობამაც შეამოწმა და მომზადების პროცესში არანაირი ხარვეზი და შეცდომა არ დაფიქსირებულა. ჩვენთან არანაირი დარღვევა არ ყოფილა. შესაბამისად, არც ობიექტის მუშაობა გაჩერებულა და არც ჯარიმა დაუკისრებიათ. რაც შეეხება სურსათის უვნებლობის სამსახურს, წაიღეს ნიმუშები და ველოდებით პასუხებს“ – განუცხადა სალომე მეზურნიშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე ინფორმციით, რესტორნის სტანდარტი იმდენად მაღალია, მომხდარით თავადაც გაკვირვეულები არიან.

„ყველა დაზარალებული, რომელიც გამოგვეხმაურა, მოვინახულეთ,  ყველას გვერდში ვუდგავართ და ვცდილობთ, ერთობლივად გამოვიკვლიოთ სიტუაცია. ჯერ ჩვენი ბრალეულობა დადგენილი არ არის. ცოტა ლოგიკურებიც უნდა ვიყოთ როცა სოც. ქსელებში ამ თემაზე ინფორმაცია ვრცელდება. ჩვენ რა, გვინდოდა, რომ ეს ვინმეს დამართნოდა? ჩვენი სტანდარტები იმდენად მაღალია, რომ ჩვენც კი გაოცებულები ვართ. ასევე მიდის მოკვლევა, მომწოდებელს ხომ არ ჰქონდა რაიმე სახის ხარვეზი პროდუქტის მოწოდებისას და ამ შემთხვევაში ჩვენც უკვე დაზარალებულები ვართ“ განაცხადა სალომე მეზურნიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, ეჭვია ქათმის კერძსა და კვერცხზე, რა კერძიც სტუმრებმა მიირთვეს.     

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „მედიაცენტრი მთავარი“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელ პაატა იმნაძესაც ესაუბრა. როგორც მან გვითხრა, სალმონელას  ჩხირი არის  ნაწლავური ინფექციის გამომწვევი ჩხირი და საკმაოდ რთულად მიმდინარეობს.     

მომხდართან დაკავშირებით, “მედიაცენტრი მთავარი” სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც ესაუბრა. როგორც გვითხრეს, მომხდართან დაკავშირებით, მათთან შეტყობინება იმავე დღეს შევიდა.

“იმ დღესვე ჩვენთან შემოვიდა შეყტობინება, მაშინვე გავიდნენ ჩვენი ინსპექტორები შემთხვევის ადგილზე, ჩაატარეს არაგეგმიური ინსპექტირება ბიზნესოპერატორთან და ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები. პასუხები ჯერ არ გვაქვს, ლაბორატორიას რამდენიმე დღე სასჭირდება. რაც შეეხება ინსპექტირებას, ინსპექტირების პროცესში დარღვევა არ გამოვლენილა” – განუცხადეს “მედიაცენტრ მთავარს” სურსათის ეროვნულ ცენტრში.

მსგავსი თემები