“ციხეებში მსჯავრდებულთა რისკების და საჭიროებების გათვალისწინება არ ხდება”- მონიტორინგის ანგარიში

“საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა რისკების და საჭიროებების გათვალისწინება არ ხდება ერთმანეთის პარალელურად, რისკ-ფაქტორების აღმოფხვრის მიზნით,” – ამის შესახებ პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, ციხეებში არ არსებობს რისკებისა და საჭიროებების შეფასების ერთიანი სისტემა ან მიდგომა, რაც ხელს შეუწყობდა მსჯავრდებულის მხრიდან მომდინარე საშიშროების რისკის შემცირებას.

“მონიტორინგის პროცესში მსჯავრდებულებთან გასაუბრებისა და კონკრეტული შემთხვევების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ რისკების შეფასებისას არ ხდება პატიმრების ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლა და რისკის შემცირების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა. არ არსებობს რისკებისა და საჭიროებების შეფასების ერთიანი სისტემა ან მიდგომა, რაც ხელს შეუწყობდა მსჯავრდებულის მხრიდან მომდინარე საშიშროების რისკის შემცირებას. შესაბამისად, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა რისკების და საჭიროებების გათვალისწინება არ ხდება ერთმანეთის პარალელურად, რისკ-ფაქტორების აღმოფხვრის მიზნით.

დაწესებულებების დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე მიღებული ინფორმაციით: 2018 წლის იანვრის თვიდან აპრილის თვის ჩათვლით, ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების მიმართ გამოყენებული იყო 160 დისციპლინური სახდელი. 2018 წლის იანვრის თვიდან მონიტორინგის მიმდინარეობის დრომდე ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების მიმართ გამოყენებული იყო 725 დისციპლინური სახდელი (ჟურნალში 4 შემთხვევაზე არ იყო მითითებული გამოყენებული სახდელის სახე). 2018 წლის იანვრის თვიდან მონიტორინგის მიმდინარეობის დრომდე რუსთავის N16 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების მიმართ გამოყენებული იყო 29 დისციპლინური სახდელი. 2018 წლის განმავლობაში რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების მიმართ გამოყენებული იყო 14 დისციპლინური სახდელი, რომლებიც, ძირითადად, გამოყენებულია ხმაურისთვის და ზოგ შემთხვევაში ექიმისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო,”- ნათქვამია ანგარიშში.

მონიტორინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ხელისუფლების ვალდებულებების მონიტორინგი და ხელშეწყობა პენიტენციურ და პრობაციის სფეროში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში განხორციელდა.

მსგავსი თემები