ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი ესტაკადა აშენდება და 140 ძირი ხე დაირგვება

თბილისის საბურთალოს რაიონში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები იწყება. დენდროლოგიური პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე 140 ძირი ხის დარგვა იგეგმება იმ ხეების სანაცვლოდ, რომელთა მოჭრა ან გადარგვა, პროექტის თანახმად გარდაუვალია.
როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიაში განუმარტეს, დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების გამო, დედაქალაქის ამ ნაწილში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიზღუდება. იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემებიც. კერძოდ, გზაჯვარედინზე ცინცაძის ქუჩიდან ნებადართული იქნება მოძრაობა მხოლოდ მარჯვნივ – კარტოზიას ქუჩაზე, ხოლო პირდაპირ – თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება და ამირეჯიბის გზატკეცილისკენ მობრუნება – შეიზღუდება. სანაცვლოდ, ცინცაძის ქუჩიდან ამირეჯიბის გზატკეცილისა და ბახტრიონის ქუჩისკენ მოძრავ ავტომანქანებს ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩის პირველივე გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევა შეეძლებათ.
ასევე, ყაზბეგის გამზირიდან კარტოზიას ქუჩაზე შესვლა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილი ავტომანქანებისთვის იქნება ნებადართული.
კარტოზიას ქუჩაზე შეზღუდვის დაწესების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი – N92 ავტობუსი და N27, N50, N81 და N100 მიკროავტობუსები თამარაშვილის ქუჩას გაივლიან, ყოფილ იპოდრომთან – ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩაზე შეუხვევენ, საიდანაც მოძრაობას დადგენილი მარშრუტით განაგრძობენ.
თბილისის მერი კახა კალაძე, მოსამზადებელ სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნო.
​მისი თქმით, ქალაქის ქუჩების საცობებისგან განსატვირთად მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის განხორციელებას დაახლოებით, ხუთი თვე დასჭირდება და 2 700 000 ლარი დაიხარჯება.
“ეს ორეტაპიანი პროექტი იქნება, რომელთაგან პირველი სწორედ ეს სატრანსპორტო კვანძია, ხოლო მეორე თამარაშვილის კვანძის მოწესრიგება იქნება. ასევე, დენდროლოგიური პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 140 ძირი ხე დაირგვება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტერიტორიაზე არსებული ხეები გადავრგოთ. შესაბამისი ტექნიკაც გვაქვს ამისთვის, ხოლო ის ხეები, რომლებიც გადარგვას ვერ დაექვემდებარება, მოიჭრება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
​ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, ახალი, ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის  მოსამზადებელ სამუშაოებს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, საბურთალოს რაიონის გამგებელი და თბილისის საკრებულოს წევრები გაეცნენ.
„მსგავსი მასშტაბისა და მოცულობის სამუშაოების დროს, ყოველთვის საჭიროა, მოძრაობის გარკვეულწილად შეზღუდვა. ამ შემთხვევაშიც, გარკვეული სახის შეზღუდვები გვექნება. საპატრულო პოლიციასთან ერთად, აქტიურად ვთანამშრომლობთ და იმედი გვაქვს, რომ ამ პრობლემას ერთობლივად მოვაგვარებთ“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

 

მსგავსი თემები