“ცვლილებები თუ არ გატარდა, ბუნებრივია, დავტოვებ უმრავლესობას” – ნუკრი ქანთარია

პარლამენტის დეპუტატი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ ის უმრავლესობის დატოვებას არ გეგმავს, თუმცა მსგავს შესაძლებლობას არ გამორიცხავს. იგი უმრავლესობის წევრებს მოუწოდებს დაუგდონ ყური მომავალს.

მისივე შეფასებით, ეკა ბესელიას გადაწყვეტილება არ არის ნაუცბათევი.

“ცვლილებები თუ არ გატარდა,  ბუნებრივია, დავტოვებ უმრავლესობას. გადაწყვეტილება შეიძლება მიიღო ხუთ წუთში, მაგრამ ამას სჭირდება გარკვეული საფუძველი. ამის აუცილებლობას ახლა ვერ ვხედავ. თუ ასე არ დადგა საკითხი, – ვინც ხმა მიეცით რეზოლუციას, მათ უნდა დატოვოთ, მაშინ რა თქმა უნდა, პროცესი უფრო დაჩქარდება”, – აცხადებს ნუკრი ქანთარია.

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა 4 საათზე დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც უმრავლესობის სხდომაზე განიხილება, არის ე.წ. საეჭვო დებუტატების საკითხი. კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ ის დეპუტატები გარიცხეს, ვინც ეკა ბესელიას ინიციატივას მხარი დაუჭირა.

თავად დეპუტატები შეხვედრის დაწყებამდე აცხადებდნენ, რომ არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ რატომ დაიბარეს პარტიის ცენტრალურ ოფისში.

არაოფიციალური ინფორმაციით, გარიცხულებს შორის არის დეპუტატი ოთარ ჩრდილელი და კიდევ რამდენიმე დეპუტატი, რომელმაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე, ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს, მხარი დაუჭირა. აღნიშნულთან დაკავშირებით, დეპუტატები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

უმრავლესობის სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში ხვალ გაგრძელდება, რომელსაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.


მსგავსი თემები