ცესკოს პირველადი მონაცემებით სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი წინასწარი მონაცემებით, 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59,55% მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმების – 40,45%.

როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნები მეორე ტურში სულ 1 975 845-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო რაოდენობის 56.23% -ია. ამ რაოდენობაში არ შედის საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლები. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედაში – 72.72%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა წალკაში – 43.12%. რაც შეეხება თბილისს, 20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 55.9%.

როგორც ცესკოში აცხადებენ, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა. არჩევნების მეორე ტური ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა.

კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყო ხმის დათვლის პროცედურები. საარჩევნო უბანზე ყველა ოფიციალური პროცედურის დასრულების შემდეგ, საუბნო შემაჯამებელი ოქმები მიეწოდება  შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები სპეციალური პროგრამის საშუალებით, უმოკლეს ვადაში, ელექტრონულად მიაწვდიან ცესკოს და შემაჯამებელი ოქმები მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე – www.results.cec.gov.ge.

მსგავსი თემები