“ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ ჩემზე და ჩემს გადაწყვეტილებებზე” – კახა ოქრიაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კახა ოქრიაშვილი ოპოზიციის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს.

ოქრიაშვილი მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს და თვლის, რომ ეს ყველაფერი მის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გამოთქმული წინააღმდეგობის გამო ხდება.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2006 წლიდან დღემდე, უცვლელად ვუჭერ მხარს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას. ამის შესახებ გაცხადებული მაქვს არაერთი საჯარო ტრიბუნიდან, სადეპუტატო გამოსვლების დროს, მასმედიის ფაქტობრივად ყველა წარმომადგენელთან და რაც მთავარია, საკუთარ ამომრჩეველთან. მე მაქვს ჩემი აზრი და მყარი არგუმენტები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ და კვლავ ვრჩები ამ სისტემის მხარდამჭერად.

მინდა, გამოვეხმაურო უპასუხისმგებლო, ფსევდოპოლიტიკოსთა გარკვეულ ჯგუფებს, რომლებიც ჩემს შეხედულებებსა და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს მიზანმიმართულად ურევენ ჩემს მფლობელობაში არსებული კომპანიების საქმიანობასთან, რითაც ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ ჩემზე და ჩემს გადაწყვეტილებებზე.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – ეს ფსევდოპოლიტიკოსები არიან მართულნი კონკრეტული გასამრჯელოს სანაცვლოდ და როგორც წესი, პოლიტიკაში ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები ასრულებენ დაკვეთებს, კონკრეტული დივიდენდების მისაღებად. მათი სურვილია, დააზიანონ ჩემი ბიზნესი და ამით მაიძულონ, უარი ვთქვა ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებზე. ჩემი ხედვები დაფუძნებულია ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე და არ ვაპირებ, ჩემი პოლიტიკური შეხედულებებით ვაჭრობას, საკუთარი ბიზნესინტერესების სასარგებლოდ“, – ნათქვამია ოქრიაშვილის განცხადებაში.

მსგავსი თემები