ცალკეული ბიუროკრატები მოსახლეობას ტყის დაცვის საშუალებას არ აძლევენ – მწვანეები 

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები” და ასოციაცია “ძელქვა”, ტყეების კონსერვაციას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ტყის რესურსების მართვის ცენტრალურმა სისტემამ მოქალაქეებს ტყისა და ტყის რესურსების მართვაში მონაწილეობის გზა გადაუჭრა. ხშირია შემთხვევები, როდესაც ტყის მიმდებარედ მცხოვრები პირი მისგან 1 და 2 კილომეტრში მდებარე ტყის რესურსების გასხვისებაზე ინფორმაციას მხოლოდ მაშინ იღებს, როცა ტყეში ​მძლავრი ტექნიკური საშუალებები ამუშავდება.

ბუნების დამცველები მოითხოვენ, მოსახლეობას, რომელიც თავისი ცხოვრებით მიბმულნი იყვნენ ტყეზე და ტყის რესურსებზე, მიეცეთ უფლება დაიცვან ტყე, მათი საარსებო გარემო და ხელისუფლებამ მათი ინფორმირების გარეშე არ განკარგოს ტყის რესურსები.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს, ბუნების დამცველებმა განაცხადეს,  ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის დაიცვან ტყე, მათ გააჩნიათ ინიციატივა და სრულიად ნათელი მიზანი, თუმცა, ამ ინიციატივათა უდიდესი ნაწილი დღემდე რჩება სურვილებად, რადგან, არ ხდება მათი მხარდაჭერა მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო დონეზე; მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ძალიან ადვილია მათი ინიციატივის დასჯა ადმინისტრაციული და ბევრ შემთხვევაში სისხლის სამართლის ნორმებითაც კი; ხშირია შემთხვევები, როცა ცალკეული ბიუროკრატები ტყის დაცვის მიზნით მოქალაქეების ინიციატივას იყენებენ თანასოფლელებთან თუ სხვა მოქალაქეებთან მათ დასაპირისპირებლად და მათ შორის ქმნიან კონფლიქტურ სიტუაციებს.

“ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის დანის პარაულში, რომელიც ზემო აჭარის ბოლო სოფელია, მოსახლეობა ვერანაირად ვერ გაიგებ, როგორ გაიყიდა მათ ირგვლივ ტყის რესურსები, სანადირო ობიექტები და ა.შ. შემოვიდა ლიცენზირების უფლება, უნდა გაიარო კონკურსი. ადგილობრივ მოსახლეობას კი ამის საშუალება არ აქვს”, – აცხადებს მწვანეთა მოძრაობის წევრი ავთანდილ გელაძე.

ასოციაცია “ძელქვას” წარმომადგენლის, ილია კუნჭულიას განმარტებით, გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით 2015-2018 წლებში განხორციელდა პროექტი, რომელიც ბუნებრივი გარემოს კონსერვაციისა და მდგრადობის ხელშეწყობას გულისხმობდა საქართველოში. არსებობს სახელმწიფოს მიერ დაცული ტერიტორიები, ნაკრძალები, აღკვეთილები და ა,შ. არსებობს ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დაცული ტერიტორიები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო, რელიგიური, კულტურული და სხვა თვალსაზრისით, ბუნების გარკვეულ უბანს, შეთანხმების საფუძველზე უფრთხილდებიან, არ ჭრიან შეშას.

“სწორედ ასეთი ტერიტორიების გამოვლენა იყო ჩვენი მიზანი და ამ ტერიტორიებზე მოსახლეობის მიერ ჩატარებული სამუშაოების შეფასება. გამოვლინდა, რომ საქართველოში ასეთი ბევრი ტერიტორია არსებობს, ძირითადად სალოცავების ირგვლივ, საგვარეულო ტყეები, თემის მიერ შენარჩუნებული ტერიტორია, რომლებსაც მოსახლეობა იცავს თავისი ინიციატივით, მაგრამ მათ აქვთ პრობლემები კანონმდებლობასთან”, – აცხადებს ილია კუნჭულია.

​მისი მოსაზრებით, სოფლისა და თემის დონეზე თვითმმართველობის გაუქმებამ, ტყისა და სხვა ბუნებრივი რესურსების განკარგვის საქმეს, სამოქალაქო საზოგადოება კიდევ უფრო დააცილა.

“გლობალური სატყეო კოალიციის (GFC) ფინანსური, მეთოდოლოგიური და ტექნიკური მხარდაჭერით, რომელიც თავის აქტივობებს თითქმის ყველა კონტინენტზე ახორციელებს, ათეულობით ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ადგილობრივმა თემებმა და ადამიანთა ცალკეულმა ჯგუფებმა გააძლიერეს და გააუმჯობესეს მიმდებარე ბუნებრივი გარემოს დაცვისა და კონსერვაციის ხარისხი, გაიზარდა დაცული ტერიტორიების ფართობი, განვითარდა ინიციატივები და სხვა”, – აცხადებს ილია კუნჭულია.

გლობალური სატყეო კოალიციაში გაერთიანებულია 68 ქვეყნის 100-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია. მათ შორის საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო და არასამთავრობო ორგანიზაცია „ძელქვა“.

 

მსგავსი თემები