“ჩინეთი რომ დემოკრატიული ქვეყანა ყოფილიყო და დროულად ეღიარებინა, დღეს სულ სხვა სურათი გვექნებოდა” – როგორია ვურუსის რეალური საფრთხე და შედეგები?!

„ყველაზე ჭკვიანური იქნება, შევეცადოთ, ვიყოთ მზადყოფნაში და არ ავყვეთ პოპულისტურ იდეებს. მომავალშიც, მსგავსი მოვლენები მოსალოდნელია, რამეთუ ჩვენი დედამიწა კოსმოსური სივრცის წრებრუნვაშია ჩართული და მის ერთ პატარა ნაწილაკს წარმოადგენს. „ესპანკამ“დაახლოვებით 50 მილიონამდე სხვადასხვა ეროვნების ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. რაც შეეხება „Covid-19-ს“ არ გაგიკვირდეთ, თუ პოლიტიკურ სცენაზე, მომავალში, ამ პანდემიას  სერიოზული რყევები მოყვება.   მსოფლიო მძიმე ეკონომიური რეცესიის ზღვარზეა“ – ეს სიტყვები ელიკო წიკლურ/ლამიხს ეკუთვნის.  

“კორონავირუსსა“  და მისგან გამოწვეულ საფრთხეებსა და შედეგებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, „მედიაცენტრ მთავარს“ ექსკლუზიურად  პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, სოციოლოგი და კრიმინოლოგი, გერმანიის მაქს/პლანკის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი ელიკო წიკლაური/ლამმიხი ესაუბრა.  

ელიკო წიკლაური/ლამმიხი: მსოფლიო აღმოჩნდა მძიმე განსაცდელისა  და გამოცდის წინაშე, რომელსაც Covid-19 ჰქვია. ეს გახლავთ მოვლენა, რომელმაც  საფრთხე შეუქმნა ჩვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს მომავალს. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ მე არ მჯერა შეთქმულების თეორიების,  თუმცა,  ცხადია, რომ კაცობრიობის ისტორიაში, მსგავს მძიმე პერიოდებში გარკვეული  ჯგუფები თუ პიროვნებები  ყოველთვის ცდილობდნენ რომ, სხვისი უბედურება თავისი პირადი ინტერესებისა და კეთილდღეობისთვის გამოეყენებინა.  თუ გადახედავთ საქართველოს ახალი ისტორიის ბოლო 30 წელს აქაც კი ცხადად ჩანს ასეთი გადანაწილება უფლებებისა,  ინტერესების და საკუთრების. ასევე, ბევრადაა დამოკიდებული მოსალოდნელი შედეგები იმაზე, თუ რა პოლიტიკურ/ეკონომიურ წყობის პერიოდში ვითარდება მსგავსი მოვლენები.

„მედიაცენტრი მთავარი:“ რა როლი აქვს ამ ყველაფერი, მსოფლიოს შერყევაში ჩინეთს?  

ელიკო წიკლაური/ლამმიხი: მაგალითისათვის, ჩინეთი რომ დემოკრატიული ქვეყანა ყოფილიყო და დროულად ეღიარებინა ამ საშიში ვირუსის შესახებ დღეს სულ სხვა სურათი გვექნებოდა. ვირუსის კერა ვუჰანი 12 მილიონიანი ინდუსტრიული  ქალაქია და დასაქმებულთა ნახევარზე მეტი სხვადასხვა პროვინციებიდან ჩადის.  თავისუფალ დროს სახლში ბრუნდებიან ჩინური ახალი წლის საზეიმოდ (21.01-21.02), რომელიც რამდენიმე დღესასწაულს აერთიანებს. ამ არდადეგების დროს, უამრავი ჩინელი ათვალიერებს ევროპული და მსოფლიო კულტურის ძეგლებსა და დასასვენებელ  კომპლექსებს.

ისე მოხდა რომ, იანვრის თვეში იაპონიაში სამეცნიერო კონგრესზე მოხსენებით გახლდით, როცა პირველად შევიტყვეთ ამ ვირუსის შესახებ და ვაკვირდებოდი პირადად, იქაური მოსახლეობისა და ხელისუფლების რეაქციას.

ხანდახან მეჩვენება, ადამიანებს დაავიწყდა, რომ მსგავს მოვლენებს კაცობრიობის ისტორიაში ყოველთვის ჰქონდა ადგილი და  განსაკუთრებულად პლანეტის კლიმატური ცვლილებების ფონზე,. მომავალშიც, მსგავსი მოვლენები  მოსალოდნელია. რამეთუ ჩვენი დედამიწა კოსმოსური სივრცის წრებრუნვაშია ჩართული და მის ერთ პატარა ნაწილაკს წარმოადგენს. კოსმოსურ და ზოგადად, ბიოლოგიური რითმების ყოველგვარი ცვლილება ჩვენზეც, მის ბინადრებაზეც აისახება. უბრალოდ, არ უნდა მოვადუნოთ  ყურადღება  და ალბათ, უფრო სერიოზულად მოვეკიდოთ მეცნიერულ პროგნოზებს.  ყველაზე ჭკვიანური იქნება, რომ შევეცადოთ,  ვიყოთ მზადყოფნაში და არ ავყვეთ პოპულისტურ იდეებს.

„კორონას“ ჯგუფის ვირუსები არაა მთლად ახალი, მისი მონათესავე SARS და MERS ვირუსები 2003 წლიდან ცნობილია, რადგან   ადგილი ჰქონდა მათ გავრცელებას, მაგრამ არა ასეთი მაშტაბით. როდესაც ვირუსოლოგებმა თავისი მიღწეული კვლევების გამოცდა მოისურვეს, დაავადებულთა რაოდენობა ისე იყო შემცირებული, რომ შრატის გამოსაცდელად აუცილებელი დაავადებულების რაოდენობა აღარ იყო საკმარისი. საერთოდ, მსგავსი დაავადებების სამკურნალო და პროფილაქტიკური ვაქცინების შექმნას და მერე გამოცდას დიდი დრო სჭირდება. 

„მედიაცენტრი მთავარი:“ ჩინეთს ამერიკა ემუქრება და სასამართლოში ჩივილსაც კი აპირებს, თქვენ ამბობთ, რომ ჩინეთს რომ თავის დროზე ყველაფერი ეთქვა, სულ სხვა რეალობა გვექნებოდა. ფიქრობთ, რომ ეს ვირუსი მსოფლიო პოლიტიკის ცვლილების ნაწილი გახდება?  

ელიკო წიკლაური/ლამმიხი: მეოცე საუკუნის ორი უმძიმესი ომების შემდეგ, ევროპის და ამერიკის კონტინენტზე საბედნიეროდ აღარ გვქონდა საკაცობრიო  საფრთხე და რა თქმა უნდა, მომდევნო თაობებს აღარ ახსოვთ, პირველი მსოფლიო ომის დროს აღმოცენებული პანდემია ე.წ. ესპანკა  ანუ ე.წ. ესპანური ინფლუენცა, გრიპი, რომელმაც მაშინ დაახლოებით 50 მილიონამდე სხვადასხვა ეროვნების ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ეს გრიპი არ აღმოცენებულა ესპანეთში. ამერიკელმა ჯარისკაცებმა შემოიტანეს ჯერ საფრანგეთში,   რამოდენიმე მათგანი ლაზარეთში მოხვდა და მერე გავრცელდა  მთელ ევროპაში, აზიაში და აფრიკის კონტინენტზე. ამაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას რომ დიახ, ეპიდემიები, ისევე როგორც „Covid-19“ ხდება ხოლმე დიდი პოლიტიკის ნაწილი. მაშინდელ გრიპს კი ესპანური სახელი მხოლოდ იმიტო შერჩა, რომ მის როგორც ახალი იმფლუენცა გრიპის თაობაზე ღიად პირველად ესპანურმა პრესამ დაწერა.  არ გაგიკვირდეთ, თუ პოლიტიკურ სცენაზე, მომავალში, ამ პანდემიას შედეგად სერიოზული რყევები მოყვეს.  

რაც შეეხება ამერიკის საჩივარს, ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს უჩივლოს ჩინეთს. საინტერესოა, რომელ სასამართლოში აპირებენ ჩივილს, როდესაც დღეს მოქმედი არც ერთ საერთაშორისო სასამართლოს სტატუტზე, არც ერთს და არც მეორე ქვეყანას ხელი არა აქვს მოწერილი.

„მედიაცენტრი მთავარი:“  პოლიტიკის გარდა, უდიდესი დარტყმა მიადგა მსოფლიოს ეკონომიკას, რაც უკვე სახეზეა. პროცესი უფრო და უფრო ჩიხში შედის. ამ კუთხით,  როგორია თქვენი გათვლები?

ელიკო წიკლაური/ლამმიხი: უდავოა, რომ მსოფლიო მძიმე ეკონომიური რეცესიის ზღვარზეა. ამჯერად, უბრალოდ მასმედიის მთავარი თემა კორონა ვირუსის გავრცელება და ის დიდი ადამიანური დანაკლისია რასაც მსოფლიო განიცდის.

სინამდვილეში საბანკო ბირჟებზე უკვე ფაქტიურად დიდი ეკონომიური  და საფინანსო კრიზისის საკმაოდ მძიმე  კარდიოგრამას ვხედავთ. ამის მიზეზია თვეების განმავლობაში გაჩერებული ეკონომიკური ბრუნვა. მსოფლიო ეკონომიკა უკვე რეცესიის ყველა სიმპტომებით დაავადდა.

ფასიანი ქაღალდები გაიაფდა, აქციებმა თითქმის 2008 წლის ეკონომიური კრიზისის დონემდე ჩამოვარდა. ნავთობის ფასი განახევრდა და როგორც საინფორმაციო სააგენტო Bloomberg ი იუწყება, რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის გარკვეული დროის შეუთანხმებლობა ნავთობის მოპოვებისა  ოდენობაზე, რამდენიმე დღის წინ იმით დამთავრდა, რომ,  OPEC (ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების გაერთიანება)ნავთობის კიდევ უფრო გაიაფების თავიდან ასაცილებლად, მისი მოპოვება თითქმის განახევრდა. ასევე, ამერიკელები დიდ ინვესტიციებს დებდნენ ე.წ. ფიქლის თიხოვან [Shale Oil] ნავთობში, მაგრამ თუკი ჩვეულებრივი ნავთობის ფასი 40 დოლარზე ნაკლები იქნება, ამ ტიპის ნავთობის მოპოვებაც  მომგებიანი  აღარ იქნება.

Rosneft Trading-თვითღირებულების ინდექსი მესამედით შემცირდა.  როგორც ამბობენ რუსეთი  უკვე ასევე უარს  ვენესუელიდან ნავთობის გატანაზეც.

დედამიწის  4 მილიარდზე მეტი მოსახლეობა შიდაიზოლაციას იცავს და ყველა  სახის მიმოსვლის საშუალება გაჩერდა.  რამოდენიმე თვის უკან, მსგავსი სცენარის განვითარებას ვერავინ წარმოიდგენდა. მაგრამ, გვერდით, ანუ ეკონომიკური რღვევის პროცესებსაც ალბათ აქვს თავისი აზრი და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მოყვება მსოფლიო ეკონომიკის გარკვეულწილად გაჯანსაღება და შემცირდება იმ უზარმაზარი ცარიელი კაპიტალის ოდენობა, რომელიც მთელ მსოფლიოში ეძებს დაბანდებასა და განვითებას, თვით სახელმწიფოების პრივატიზაციასაც კი. 

მსოფლიოში თითქმის ყველა ქვეყანაში უმუშევრობა კატასტროფულად იზრდება და კვლავაც გაიზრდება. გაიზრდება დროებით დასაქმებულთა რიცხვი, რაც დასაქმებულთა შრომის უფლებებზე ნეგატიურ მოვლენას მოახდენს. როგორც დღესდღეობით, ასევე მომავალშიც გაჩნდება მრავალი სამართლებრივი პრობლემები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, ამ საკითხებს დაწვრილებით მომავალ წერილში შევეხებით.

ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან წვრილი და საშუალო საწარმოები, გაიზრდება მათი კრედიტების გადაუხდელობის რისკები, სწორედ ქვეყნის ეკონომიკის ამ სასიცოხლოდ აუცილებელი სეგმენტის შემცირება სასიკვდილო საფრთხეს უქმნის ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკას.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ რამოდენიმე დღეში 18 მილიონი უმუშევარი აღირიცხა. სწორედ ამიტომ  თითქმის ყველა ნორმალურ  ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაშიც, მთავრობა ცდილობს სწრაფი ერთჯერადი დახმარებების გარდა გადაუვადოს სესხები ან მისცეს  მრავალწლიანი უპროცენტო სესხები, რომ დამსაქმებლებმა შეძლონ დასაქმებულთათვის ხელფასის გაცემა. გერმანიაში უკვე დარიგდა ამ კატეგორიაზე ორმულარები, რომლის შევსებისა და შესაბამის ორგანოებში მხოლოდ მოთხოვნის დაყენებაა საჭირო. დახმარება იქნა გაცემული თვითთდასაქმებულთათვის. განსაკუთრებული ზრუნვის სფერო გახდა სოფლის მეურნეობა.

„მედიაცენტრი მთავარი:“ ასეთ დროს, დღევანდელ რეალობაში როგორია გერმანიის სოციალური პოლიტიკა, გერმანიას ხომ ისევე დაზარალდა როგორც დანარჩენი მსოფლიო?

ელიკო წიკლაური/ლამმიხი:  მოგეხსენებათ რომ როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეკონომიკის სფერო, სოფლის მეურნეობა,  გერმანიაში სუბსიდირების სფერო იყო წლების განმავლობაში. გერმანიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქალბატონმა გლიოკნერმა მოითხოვა ევროკავშირისგან, რომ  ბრიუსელმა გერმანელ სოფლის მეურნეობის მუშაკებს გამოუყოს დამატებითი ფინანსური დახმარება.  თვითონ მთავრობამ გასცა ფინანსური დახმარებები მეწარმეებზე  9 დან 30 000 ევრომდე, დასაქმებულთა ოდენობის შესაბამისად. მათთვის დაშვებული იქნა შეღავათები და გამონაკლისები, სეზონის მოცდენის თავიდან ასაცილებლად  აღმოსავლეთ ევროპიდან სპეციალური რეისებით შემოიყვანეს  20 000 დამხმარე მუშა ხელი.

საერთაშორისო მასშტაბით, “კორონათი” მეტად დაზარალებულ ევროკავშირის ქვეყნებს პრეტენზია უჩნდება, რომ ბრიუსელმა გამოუშვას ე.წ. „კორონაბონები“, რაც საბოლოოდ დავალიანებული ქვეყნების ვალების გადანაწილებას მოახდენდა. ჰოლანდიამ და გერმანიამ არ დაუჭირეს ამ იდეას მხარი. სამაგიეროდ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა იტალიაში, ესპანეთსა და კორონავირუსული პანდემიით შედარებით მეტად დაზარალებულ ქვეყნებში სამუშაოს შენარჩუნების დროებითი ინსტრუმენტი წარმოადგინა. მას ეწოდება „დახმარება საგანგებო სიტუაციებში უმუშევრობის რისკის შემცირების მიზნით“ (ინგლისური აბრევიატურა SURE).

„მედიაცენტრი მთავარი:“ ბოლო პერიოდში, ჩინეთი მაქსიმალურად ცდილობდა და აკეთებდა ყველაფერს ეკონომიკური ჰეგემონიის გასაძლიერებლად. იგივე, „აბრეშუმის გზა“.  როგორ ფიქრობთ, ვირუსის სამშობლოს გამოვლენა თუ დასახელება შეცვლის მსოფლიოში ძალთა გადანაწილებას?

ელიკო წიკლაური/ლამმიხი: საბოლოოდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ “კორონა” როგორც ყველა ვირუსები, ერთხელ რომ გაჩნდება, ჩვენს გვერდით ან ჩვენში რჩებიან სამუდამოდ, ოღონდ  შედარებით დასუსტებული.  სპეციალისტების აზრით,  ხშირია შემთხვევები,  რომ ზოგიერთი ჩვენთაგანი უკვე ვართ ამ ვირუსის მატარებელი და სხვადასხვანაირი სიმძიმით მისი გადატანა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.  საქართველოშიც დღემდე წარმატებულად ებრძვიან პანდემიას და ღმერთმა ქნას, რომ  ვირუსის გავრცელების აპოგეაც უმტკივნეულოდ გავიაროთ!

დედამიწაზე ყოველწლიურად ებოლას და ტროპიკულ დაავადებებს მიაქვთ ასობით ათასობით ადამიანის სიცოცხლე, ისევე როგორც ყოველწლიური გრიპების შედეგად სამწუხაროდ საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანი იღუპება სხვადასხვა კონტინენტებზე.

ბოლო დღეები სასიხარულო ამბები მოდის ასევე იტალიიდან, სადაც ყოველდღიურად გაცილებით მეტი ადამიანი განიკურნა ისევე როგორც გერმანიასა და საფრანგეთში. ბოლო მონაცემებით, გერმანიაში “კორონავირუსით” 140 000 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან   გარდაცვლილთა რაოდენობა 4000 გაცდა. ესპანეთში 5 252 დაფიქსირდა.

ჩინეთში ვირუსით გარდაცვლილთა ზუსტ რაოდენობას ალბათ ვერასოდეს გავიგებთ. 17 მარტიდან, გარდაცვლილთა რაოდენობა   მათი წყაროებით მხოლოდ  4632.

ვირუსის სამშობლოდ ამა თუ იმ ქვეყნის აღიარება დიდი პოლიტიკის ნაწილია და სერიოზული ეკონომიკურ ძვრებს გამოიწვევს მსოფლიოში.

ჩინეთი ყველანაირად ცდილობს თავისი ეკონომიური ჰეგემონია გააძლიეროს და აბრეშუმის გზის  მეგა პროექტიც, სწორედ ამ იდეას ემსახურება. ჩინელებმა  ვირუსის სამშობლოს სტიგმა რომ ჩამოიშორონ (ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ვირუსი გარედანაა შემოტანილი), ჩინეთში ადგილი აქვს ბოლო პერიოდში ახალი ჩასული პირების დისკრიმინაციას, როგორც ვირუსის შემომტანების(!!!). ამ დროს არ ამბობენ რომ მათი ძირითადი ნაწილი, თვითონ ჩინელები არიან, ვინც ეს ვირუსი სამშობლოდან უნებლიეთ გაიტანა უცხოეთში და ახლა ბრუნდებიან სამშობლოში.

„მედიაცენტრი მთავარი:“ ეს კრიზისი, რაც დღეს მსოფლიოს აქვს, შეიძლება თუ არა, ასევე იყოს გარკვეული ახალი, პოზიტიური  შესაძლებლობა?  

ელიკო წიკლაური/ლამმიხი: ყველა აქამდე არსებული  ეკონომიკური თეორიის თანახმად, ახლანდელი მდგომარეობა გადაიზრდება სრულფასოვან ფინანსურ კრიზისში, რომელსაც მასობრივი გაკოტრება, უმუშევრობა და ბევრი ქვეყნის ცხოვრების დონის დაქვეითება მოყვება. ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება დახმარების პაკეტების გაცემა მთავრობისგან,  საშუალო და მცირე ბიზნესის კოლაფსის თავიდან ასაცილებლად.  კაცობრიობის ისტორიაში ომების თუ პანდემიების შემდეგ იწყებოდა ეკონომიკის გამოცოცხლება, ჩნდებოდა ახალი იდეები და ვინც მოახერხებს და ამ ახალ და რთულ პროცესებში ადგილის დამკვიდრებას, დიდი შრომის და დისციპლინის შედეგად, კრიზისიდან გამარჯვებული გამოვა.  მიუხედავად იმისა, რომ ამ წუთას ცოტა უხერხულია ამაზე საუბარი, ასეთი კრიზისები გარკვეულ ახალ შანსებსაც ბადებს კაცობრიობისათვის.

„მედიაცნეტრი მთავარი:“  როგორია გერმანიიდან,  თქვენი თვალით დანახული პანდემიასთან მებრძოლი საქართველო?

ელიკო წიკლაური/ლამმიხი:  ყველაზე დიდი სიკეთე კი ადამიანის სიცოცხლეა და დღემდე საქართველოში მოღვაწე  მაღალი დონის ეპიდემიოლოგებისა და ვირუსოლოგების წყალობით საქმე არც თუ ისე ცუდად გამოიყურება.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ უცხოეთში მყოფი ქართველების და პირადად ჩემი გულითადი მადლობა! იმ ექიმებსა და სამედიცინო მუშაკებს ვინც დღე და ღამე სხვისი სიცოცხლის სადარაჯოზე დგანან, საკუთარი სიცოცხლის ფასად  როგორც როგორც ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი ექიმი ზურა მინიაშვილი. მინდა თანაგრძნობა გამოვუცხადო ბატონი ზურას ოჯახსა და კოლეგებს.  

ყველაზე დიდი საფრთხე საყოველთაო თავშეყრის ან ადამიანების შედარებით დიდი ჯგუფის ერთ დახურულ სივრცეში

საქართველო დაბალი შობადობის გამო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას და ყოველი სიცოცხლე უძვირფასესია ჩვენთვის. თუ სხვა ქვეყნების უარყოფით გამოცდილებაზე ვისწავლით, დავინახავთ რომ, თვითონ დაავადება არაა ისეთი მძიმე და განუკურნებელი და ამას საქართველოში გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობაც მეტყველებს! საშიშია მისი გავრცელების ტემპი! რაც სამედიცინო სამსახურის კოლაფსს იწვევს.

საშიში ადამიანების სიმრავლე დახურულ და ღია სივრცეშიც კი!!!

ამის მაგალითია სულ ახლახან „Spiegel“ ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჰამბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოლოგიის განყოფილებიდან, სადაც 20 პაციენტი და ამდენივე ექიმი და მედპერსონალი  ვირუსით დაავადდა, რამეთუ ონკოპაციენტები ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფია და ყველა კანონისა და წესის დაცვითაც კი გერმანიაშიც კი შესაძლებელი გახდა მედპერსონალის დავირუსება. ასევე მძიმე მდგომარეობაა  მთელ მსოფლიოში მოხუცებულთა სახლებში.

ყველა ქვეყანაში  ჯერ ექიმების და სამედიცინო მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობას უფრთხილდებიან, რამეთუ როგორც სპეციალისტები ამბობენ/ პანდემიის აპოგეა ჯერ წინა გვაქვს! და გარდა ამისა შესაძლოა მისი რეციდივიც კი შემოდგომისკენ. ახალი ექიმების მომზადება გადამზადებას კი თვეები და წლები სჭირდება. ამ ვირუსის სიმძიმე მის გავრცელების ტემპებია,  ადამიანის სხეულში ჯერ კიდევ ინკუბაციაში მყოფი  ვირუსი ( 2/3 კვირა) როცა ჯერ  არავითარი სიმპტომიც კი  არ ჩანს, შეუძლია ათობით რისკის წრეში მყოფი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს.  თუკი დისცტანცირება  ჩვენი და ჩვენი ახლობლების სიცოცხლის გადარჩენის წინაპირობაა….დავიცვათ!

გერმანიაში ჯანდაცვა და  საავადმყოფოები არ არის პრივატიზირებული და საყოველთაო სამედიცინო მომსახურება და რაც მთავარია, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევაა, ყველა მოქალაქეს ერთნაირი, საკმაოდ მაღალი  სამედიცინო მომსახურება აქვს .

მიუხედავად ფედერალური წყობისა ქვეყანაში ერთობლივი პოლიტიკის გატარება მოხერხდა. ხდება მასობრივი ტესტირება. ყოველ კვირას ნახევარ მილიონს უკეთდება  შემოწმება  და ამიტომაცაა დაინფიცირებულთა დიდი რაოდენობა გამოვლენილი, ბევრ ჩვენთაგანს ალბათ ვირუსი სადღაც გადაეყარა მაგრამ უსიმპტომოდ გადაიტანა ან ეს ყველაფერი ჯერ მომავალში გველოდება.

სამწუხაროდ, გერმანიაში 8 მარტიდან დღემდე  გარდაცვლილთა რაოდენობამაც უკვე 4000  გადააჭარბა. (მთელ მოსახლეობა 85 მილიონია და როგორც ექიმები და ვირუსოლოგები პროგნოზირებენ 80%  ალბათ მოუწევს  ამ ვირუსთან შეხვედრა ადრე თუ გვიან) გერმანიაში, იტალიაში და სკანდინავიის ქვეყნებშიც იზრდება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. ექიმები მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში მუშაობენ როგორც სამკურნალო პრეპარატის ასევე ვაქცინის შექმნაზე. ვირუსოლოგებმა და ექიმებმა შესანიშნავად იციან რომ რეალური შედეგის მიღწევას 1 ან 2წელი მაინც სჭირდება.

საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი  ბევრს მგზავრობს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშია წასული სამუშაოდ თუ სასწავლებლად. ამას დაემატა საქართველოში დიდი ტურისტული ნაკადი და ქვეყანა ვირუსის პანდემიის გავრცელების, უდაოდ დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

ევროპაში ვირუსის გავრცელება იმ რეგიონებიდან დაიწყო სადაც ჩინური საახალწლო არდადეგების დროს ტურისტების დიდი ნაკადი იყო ჩამოსული სამთო სათხილამურო კურორტებზე, ვენეციასა და მილანში, ჩრდილოეთ იტალიასა და ავსტრიაში. ავსტრიაში უცბად მოხდა პანდემიის ლოკალიზება და დაწესდა  მკაცრი კარანტინი. დღეს აქ  ისევე როგორც სკანდინავიის ქვეყნებში უკვე საუბრობენ  და პირველ ნაბიჯებს აკეთებენ  კარანტინის ზომების შემსუბუქებაზე.

„მედიაცენტრი მთავარი:“ ხვალ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვზეიმობთ, რაც დიდი საფრთხეა ჩვენთვის.  დღესასწაულებთან დაკავშირებით როგორია ევროპის მიდგომა?

ელიკო წიკლაური/ლამმიხი: ძალიან ძნელია ურჩიო ვინმეს თუ როგორ უნდა მოიქცეს დღესასწაულებზე. მე მგონი ყველას ყოფნის იმდენი განათლება და  პასუხისმგებლობა!

აქაურ გამოცდილების შესახებ იმიტო მოგიყევით, რომ მეჩვენებინა რა და რატომ ხდება ევროპაში. რომ კათოლიკური აღდგომა და ბზობა აქ ყოველთვის ძალიან აქტიურად და დიდი ხალხმრავლობით აღინიშნება ხოლმე. ამჯერად როგორც მთელ მსოფლიოში და რომში, კათოლიკური ეკლესიის მსოფლიო ცენტრშიც კი ყველა ეკლესია დაკეტილი იყო. ეკლესიების წინ ელაგა ნაკურთხი ბზა და ვისაც როდის დრო და სურვილი ჰქონდა შეეძლო სახლში მიეტანა და წირვასაც დასწრებოდა ვირტუალურად.

გერმანიაში „ლოქდაუნი“ გვაქვს და ყველა ცდილობს დაიცვას დისტანცია და უმიზეზოდ ქუჩაში არ გავიდეს. აღდგომის წირვა კი „ონლაინ“ ხდებოდა როგორც კათოლიკეებისათვის ასევე პროტესტანტებისათვის. მაცხოვრის საფლავის ტაძარი ისრაელში შემოღებული კარანტინის ზომების გამო ტურისტებისა და მორწმუნეებისთვის უკვე 25 მარტიდან დაიკეტა. ამის შესახებ გადაწყვეტილება იერუსალიმის ქრისტიანულმა საეკლესიო ხელმძღვანელობამ პოლიციასთან შეთანხმებით მიიღო.  ასევე დაიკეტა ალ აქსას მეჩეთი.

ჩემდა გასაკვირად, მარტის პირველივე დღეებში არაბეთის ემირატებმა ერთსულოვნად გადადეს მაჰმადიანური რელიგიის დამფუძნებლების მუჰამედის საფლავზე პილიგრიმების ტრადიციული მსვლელობა შემოდგომისათვის.

უდაოდ ძნელია რომ ისეთი რელიგიური მრწამსის ქვეყანაში როგორც საქართველოა, აკრძალვებით ესაუბრო მათთვის ძალიან ინტიმურ და ფაქიზ თემემაზე  როგორც რელიგიაა და ისეთი ტრადიციული რიტუალებზე, რაც გარდაცვლილ ახლობლების სასაფლაოზე მისვლაა.  სამწუხაროდ, შექმნილი მდგომარეობა ბევრ არჩევანის საშუალებას აღარ ტოვებს.

მესმის, ძალიან კარგად იმ  ადამიანების და მშობლების ვინც სულ ცოტა ხნის წინ მიაბარა ძვირფასი ადამიანი მიწას.  ეს მძიმე სულიერი მდგომარეობა გამოცდილი აქვს ბევრს ვინც დიდი ხანია უცხოეთში ცხოვრობს.

მე პირადად,  მახსოვს როგორ შევსთხოვდი გერმანიაში მყოფი, ღამღამობით მთვარესა და ვარსკვლავებს, რომ სულ ცოტა ხნით  დაენახვებინა ჩემთვის ჩემი მშობლებისა და ჩემი საქართველოში დაკრძალული ჩვილების საფლავები, რომელთაც მთვარე  იმ წუთას ასევე დაჰყურებდა ზემოდან, როგორც მე მხედავდა.

მინდა გულით და სასიკეთო მომავლის რწმენით ბედნიერი, ჯანსაღი და ისეთი აღდგომა გისურვოთ რომ არ ვავნოთ არც სხვას და არც თავის თავს!

ეკა გულუა,სპეციალურად „მედიაცენტრი მთავარისთვის“

მსგავსი თემები