“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ეპიდემიოლოგიურადაც, უსაფრთხოების კუთხითაც, პოლიტიკურადაც, რომ არჩევნები ჩატარდეს უსაფრთხოდ” – დიმიტრი ხუნდაძე

„ვფიქრობ, პოლიტიკურ პროცესს არჩევნების გზით საზოგადოება დაარეგულირებს, მაგრამ საარჩევნო პროცესი შესაძლოა ხელშემწყობი აღმოჩნდეს ეპიდვითარების გაუარესებისთვის. მით უმეტეს, თუ ჩვენ ამას სწორად არ დავგეგმავთ. შესაძლოა ეს ვინმეს ასეც უნდოდეს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ეპიდემიოლოგიურადაც, უსაფრთხოების კუთხითაც, პოლიტიკურადაც, რომ არჩევნები ჩატარდეს უსაფრთხოდ“,-ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ხელისუფლებამ კრიზისი კარგად მართა და ამას არსებული სტატისტიკაც ადასტურებს, მაგრამ მისივე განცხადებით, კვლავ ვრჩებით პანდემიის რეჟიმში და საჭიროა სიფრთხილე და რეგულაციის ნორმების ზედმიწევნით დაცვა.

„ამ დრომდე ჩვენ კრიზისი სწორად ვმართეთ. გვაქვს დაინფიცირების ერთერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მსოფლიოში. დაფიქსირებულია გარდაცვალების მხოლოდ 1, 6 პროცენტი, რაც რა თქმა უნდა სამწუხაროა, მაგრამ  ეს ბევრად ნაკლებია ვიდრე სხვაგან, როცა საერთო მაჩვენებელი გარდაცვალების არის 7 პროცენტამდე და ზოგ ევროპულ ქვეყანაში ის 13-14-15 პროცენტსაც კი აღწევს. გამოჯანმრთელებული 87 პროცენტი, როცა გამოჯანმრთელების საერთო მაჩვენებელი მსოფლიოში 43 პროცენტს არ სცილდება. ეს შედეგი რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ მსოფლიო და ჩვენც, ვრჩებით პანდემიის რეჟიმში და უნდა ვიყოთ რა თქმა უნდა ფრთხილად.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თვითკმაყოფილებას აცხადებს მთავარ საფრთხედ და ვფიქრობ ჩვენ უნდა გვქონდეს ადეკვატური გეგმა შემდგომი და ეს ასეც იქნება. მგონია, რომ ზედმეტად მოვეშვით და არ მინდა რომ თვითკმაყოფილებაში ჩავრჩეთ, რომ არ შემოგვიბრუნდეს ეს პოზიტიური შედეგი ცუდი  და შესაძლოა სახიფათო მაჩვენებლებით“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძემ ყურადღება გაამახვილა მეორე ტალღის სწორად დაგეგმვის მნიშვნელობაზე. კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კორონამ ზიანი მიაყენა არა მხოლოდ მოქალაქეების ჯანმრთელობას, არამედ მთელ მსოფლიოს ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა, მისივე თქმით, სიცოცხლე არის უპირატესი და ჯანსაღ ეკონომიკას ქმნის მხოლოდ ჯანსაღი და ჯანმრთელი საზოგადოება.

„სწორედ ამიტომ შემოვიტანეთ გუშინ რეგულაცია, რომ შესრულდეს ეს აუცილებელი პირობა, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კონკრეტულად მიუთითებს, რომ პირბადე არის მთავარი იარაღი, რომ ეპიდემია რ გავრცელდეს, მაგრამ იყო სპეკულაციები, თითქოს ავტორები არ ითვალისწინებენ იმას, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი დაბალი შემოსავლისაა და ეს საჯარიმო სანქციები არის მათთვის ძვირი. მინდა შევახსენო მათ, რომ სიცოცხლის დანაკარგი ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე 20 ლარი, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დავიცვათ საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობა, მაგრამ, რაც შეეხება იმას, თუ ვინმეს ამის საშუალებაც არ აქვს, სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ მოწყვლად ჯგუფებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ამ მნიშნელოვან ინსტრუმენტთან.

რაც შეეხება საზღვრების გახსნას, ტურიზმის სექტორი, ამაზე აკეთებს რა თქმა უნდა, დიდ მოლოდინებს, მაგრამ ვფიქრობ ფრთხილად უნდა ვიყოთ საზღვრების გახსნაზე, მით უმეტეს იმ გეოგრაფიულ რეალობაში, როცა ჩენს სამეზობლოში ეპიდემიოლოგიურად საკმაოდ დაბინძურებულია არაერთი  ქვეყანა და არა მხოლოდ სამეზობლო.

დავიცვათ წესები, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და სწორად დავგეგმოთ მოსალოდნელი მეორე ტალღა, რომელიც არ არის არც ვინმეს დაკვეთა და არც ვინმეს სურვილი. ეს არის ეპიდემიოლოგიური რეალობა, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა ქვეყანას და მათ შორის ჩვენც.  დავიცვათ წესები და პოლიტიკურ ინტერესებს ნუ ვანაცვალებთ მოსახლეობის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​

მსგავსი თემები