“ჩვენ, პრაქტიკულად, ნატო-ს კართან ვართ” – პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი 6-წლიანი მანდატის ერთ-ერთი პრიორიტეტი საქართველოს ნატო-ს და ევროკავშირში გაწევრიანებაა, რაც ასევე არის  საქართველოს მოსახლეობისა და ქართველი ერის არჩევანი. 

ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტმა დღეს პირველი პრესკონფერენცია გამართა და საქართველოს სვლას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ წარმატებული უწოდა, რამაც, მისივე თქმით, უზრუნველყო საქართველოს მეტი უსაფრთხოება, მისი თავდაცვის ძალების მეტი მზაობა და მეტი მოდერნიზაცია. 

როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ქვეყნის პრეზიდენტის რანგში მისი პირველი საგარეო ვიზიტი ბრიუსელში არის იმის დემონსტრირება, თუ საქართველოსთვის რამდენად მნიშვნელოვანია ნატო-სთან კავშირები.   

“ჩვენ, პრაქტიკულად, ნატოს კართან ვართ”, – აცხადებს პრეზიდენტი.

რაც შეეხება მაპ-ის მიღებას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის მოცემულობა ჯერჯერობით ისეთია, რომ მაპ-ს ვერ მივიღებთ.  

„ნატო-ს მხრიდან იყო არანაკლებ პოზიტიური მიღება, რადგან საქართველო არის ის პირველი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად არის მზად გაწევრიანებისთვის, ყველა იმ პარამეტრით, რაც მოთხოვნილია გაწევრიანებისთვის. ჩვენ, პრაქტიკულად, ნატოს კართან ვართ, რომელიც ღია უნდა იყოს, თუმცა აქაც რეალიზმია საჭირო. ჯერჯერობით პოლიტიკური მოცემულობა ასეთია, რომ, ალბათ, ჯერ ვერ მივიღებთ მაპ-ს, მაგრამ ამის მოთხოვნა ჩვენი მხრიდან მუდმივად უნდა არსებობდეს. ამ თვალსაზრისით მათი მხრიდან მზაობა არის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

მსგავსი თემები