“ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა” – მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, რუსეთის მიერ საქართველოზე დაწესებულ ემბარგოს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო არ გახდება აგრესიული დღის წესრიგის მძევალი.

„ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და ჩვენთვის ეროვნული ინტერესები დგას ყველაზე მაღლა. “ქართული ოცნების“ 7 წელი ხელისუფლებაში იმის დასტურია, რომ ჩვენ ყოველთვის ვხელმძღვანელობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით ნებისმიერ საქმეში. ამ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ნაწილია ის, რომ ჩვენ საქართველოს არ გავხდით აგრესიული დღის წესრიგის მძევლად. გინდ შიდა პოლიტიკაზე ვსაუბრობდეთ, გინდ საგარეო პოლიტიკაზე. მე მინდა გამოვეხმაურო იმ ე.წ ოფიციალურ მიზეზებს, რომელიც იქნა მოყვანილი. ბოლო დღეების განმავლობაში მქონდა რამდენიმე თათბირი სამართალდამცველებთან და მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო საზოგადოებას – საქართველო ევროპაში არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა და როდესაც თბილისზე ვსაუბრობთ, ის ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქია მთელს ევროპაში. ეს ძალიან კარგად იციან უცხოელმა ტურისტებმა. აქედან გამომდინარე ამ ყველაფერს ობიექტური საფუძველი არ გააჩნია. ტურიზმის სექტორი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ტურიზმის განვითარებისთვის ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით და ბუნებრივია, გადავდგამთ უფრო ინტენსიურ ნაბიჯებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, არსებობს აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რომელიც ძირითადად ფოკუსირებულია ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე და კონსულტაციები ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს.

მსგავსი თემები