“ჩვენ მზად ვართ, შევცვალოთ ეს პროტოკოლი და გადავიყვანოთ ექიმები ყოველ შვიდ დღეზე ტესტირებაზე” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო მზად არის, შევცვალოს მოქმედი პროტოკოლი და მოხდეს ექიმების ტესტირება ყოველ შვიდ დღეში ერთხელ, ნაცვლად 14 დღისაა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„რამდენიმე კვირაა, გაწერილი არის პროტოკოლი, სადაც მედპერსონალი არის წარმოდგენილი, როგორც რისკჯგუფი, შესაბამისად, ხდება მათი ტესტირება და მონიტორინგი საეჭვო შემთხვევების. დღემდე ეს პროტოკოლი არის გაწერილი, რომ მათი შემოწმება ხდება ყოველ ორ კვირაში, თუმცა შეიძლება, დადგეს განხილვის საკითხად და თუ ეს იქნება თანხვედრაში მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლთან, ჩვენ მზად ვართ, შევცვალოთ ეს პროტოკოლი და გადავიყვანოთ ექიმები ყოველ შვიდ დღეზე ტესტირებაზე. ეს არის დღესდღეობით განხილვის საგანი, გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. ამას ყველაფერს ჩვენ შევაჯერებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და შემდეგ მივიღებთ უკვე ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები