“ჩვენ ვართ პასუხისმგებელი არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარებაზე” – მამუკა მდინარაძე 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ არჩევნების თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარებაზე პასუხისმგებელია მმართველი პარტია “ქართული ოცნება” და დამკვირვებლებს მოუწოდებს, სათანადოდ ასახონ დარღვევები თავიანთ ანგარიშებში, რაც დღეს, ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესში დაფიქსირდება. ​

მამუკა მდინარაძე მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას მიიღოს ყველა ზომა საარჩევნო პროცედურების დასაცავად და შსს-ს – მიიღონ ყველა ზომა შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად და ინციდენტების პრევენციისათვის; ხოლო ამომრჩეველს – მაქსიმალური აქტიურობისკენ. ასევე, მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ არჩევნებს, არ დაუშვან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა და პროვოკაციები.

“ჩვენ ვართ პასუხისმგებელი არჩევნების თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარებაზე. დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მაღალი სტანდარტით უზრუნველვყოფთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას”, – აცხადებს იგი.

​როგორც მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი ზუსტად 8:00 საათზე დაიწყო. გაიხსნა საარჩევნო უბნები. პროცესი წარიმართება მშვიდ გარემოში. არ დაფიქსირებულა რაიმე არსებითი ხარვეზი უბნების გახსნისა და ხმის მიცემის პროცესში.

მისივე თქმით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში კომისიის წევრები “ნაციონალური მოძრაობიდან” და სხვა ოპოზიციური პარტიებიდან არ მონაწილეობენ სამწუხაროდ ფუნქციების გამანაწილებელ წილისყრაში, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა.

” გუშინ, გვიან ღამით დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ცდილობდნენ უბანში შესვლას ვიდეოკამერების დასამონტაჟებლად, რაც ასევე ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობას. კანონმდებლობის უხეში დარღვევა დაფიქსირდა, ასევე, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″-ის ეთერში, როდესაც პარტიულმა ტელევიზიამ უგულებელყო არჩევნების დღეს აგიტაციის აკრძალვის პრინციპი და გუშინდელი ღამე ანუ დღევანდელი დღე უკვე 12 საათიდან დაუთმო ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის ანტირეკლამას, ცილისწამებას და შეურაცხყოფას”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მისივე ინფორმაციით, რუსთავის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ტარდება ეგზიტპოლი როგორც “ქართული ოცნების”, ისე “ნაციონალური მოძრაობის” პარტნიორი კვლევითი ორგანიზაციების მიერ. აღნიშნულ უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელს უშლიან მმართველი პარტიის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს ეგზიტპოლის ჩატარებაში.

 

მსგავსი თემები