“ჩვენ არა ვართ თქვენი კოლონია” – ირმა ინაშვილი საპროტესტო აქციებს აანონსებს

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერი, ირმა ინაშვილი საპროტესტო აქციებს აანონსებს. ირმა ინაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე საზოგადოებას 15 სექტემბერს, 16:00 საათზე, ამერიკის საელჩოსთან მისვლისკენ მოუწოდა. 

“ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომ ისინი არიან ჩვენი პარტნიორები, მაგრამ არა დირექტორები. ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს ამერიკელ და დასავლელ პარტნიორებს, მხარს ნუ უჭერთ მწამებელ ბოკერიასა და სააკაშვილს, რომლებმაც ჩააბარეს კოდორი და ახალგორი, ეს ძალიან აბრაზებს ქართველ ხალხს და სწორედ ეს აძლიერებს ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ განწყობებს.

ჩვენ უნდა ვუთხრათ ამერიკის საელჩოსთან ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომ თქვენ არა ხართ ჩვენი დირექტორები. საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს ჩვენი ღირსება. ჩვენ ვთანამშრომლობთ თქვენთან, თქვენ ნამდვილად ხართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არა ვართ თქვენი კოლონია და ჩვენ არ ვაპირებთ, გავხდეთ ან თქვენი კოლონია ან რუსეთის გუბერნია, საქართველო განვითარდება მომავალშიც, როგორც დემოკრატიული, დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა. არცერთ კრამერს არ ექნება იმისი უფლება, რომ ხელით შეეხონ საქართველოს პარლამენტის წევრს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ამასთან, როგორც ირმა ინაშვილმა განაცხადა, ისინი აშშ-ს საელჩოს მიმართავენ, რომ დევიდ კრამერს საქართველოში ჩამოსვლა აეკრძალოს.

მსგავსი თემები