„ჩვენს 9600 ბენეფიციარს შეზღუდვების დროს, მედიკამენტის მიწოდებაზე პრობლემა არ ჰქონია“ – ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ლაშა კილაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ იმ სერვისებზე ისაუბრა, რაც მათ ბენეფიციარებს, ფსიქიკური დაავადებებისა და წამალდამოკიდებულ პირებს, შეზღუდვების დროს გაეწიათ. კილაძე რეკორდულს უწოდებს იმ სამუშაოებს, რაც მისივე ინფორმაციით ცენტრმა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განახორციელა.

„ჩვენი ბენეფიციარებისთვის მედიკამენტების მიწოდება მნიშვნელოვანი თემაა ზიანის შემცირების კუთხით და სხვა ბევრი მიმართულებით.

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შემოღებულმა რეგულაციებმა მცირედ კრიზისული ფაქტორები შექმნა და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ცენტრის თანამშრომლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ წყვეტა არ ყოფილიყო მედიკამენტებში.

ტრანსპორტის უზრუნველყოფის მხარე იყო პირველი გამოწვევა, ჩვენი 9600 ბენეფიციარი უმოკლეს დროში იყო უზრუნველყოფილი სპეციალური ცნობებით და ისინი შეუზღუდავად გადაადგილდებოდნენ კონკრეტულ ადგილებზე, აქვე გათვალისწინებული იყო, რომ საშვი და ცნობა გაცემული ყოფილიყო მიზნობრივად, ხოლო ვისაც არ ჰყავდა საკუთარი ტრანსპორტი ჩვენს სერვისში მითითებული იყო პიროვნება და მათ საავტომობილო მომსახურებას უზრუნველყოფდა ჩვენი ცენტრი, ეს მართლაც სარეკორდო დროში ერთ ღამეში მოვახერხეთ“ – განაცხადა ლაშა კილაძემ „მედიაცენტრ მთავარში“

კილაძის ინფორმაციით ბენეფიციარების მომსახურება უზრუნველყოფილი იყო, ჩაკეტილ რეგიონებშიც, სადაც მათ ადგილზე ეწოდებოდათ მედიკამენტი.

„არცერთ ჩვენს ბენეფიციარს ამ მხრივ პრობლემა არ შექმნია, ჯერ კიდევ მაშინ, როცა დაისვა საკითხი გავრცელების რისკზე, ჩვენ მივმართეთ ჯანმრთელობის სამინისტროს წერილით, რომ საჭირო იყო ახალი რეგულაციის შემოღება, რადგან არ ყოფილიყო მასიურად შეკრება ამ ადამიანების. სამინისტრომ რამდენიმე დღეში მოახდინა შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ ბენეფიციარებს ხელზე გაეტანა რამდენიმე დღის ულუფა. ჩვენ მოგვეცა, ასევე შესაძლებლობა, რომ საკარანტინე ლოკაციებზე მომხდარიყო მიწოდება აღნიშნული 7 მედიკამენტის. განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი კლასტერის იყო მარნეული და კვირაში ერთხელ ჩვენი თანამშრომლები მიდიან და ადგილზე უწევენ მომსახურებას ბენეფიციარებს.“ – განაცხადა ლაშა კილაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები