„ჩვენი ტრადიციის მიხედვით, მიღებულია მკვლელის მოკვლა და არა საფლავზე დაკვლა“ – სკანდალური ინტერვიუ

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი ქისტების მხრიდან სისხლის აღების ტრადიციებს ადასტურებს და ამბობს, რომ ეს დღესაც ხდება. თუმცა, როგორც ხანგოშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აღნიშნა, სისხლის აღების ტრადიცია ადამიანის საფლავზე დაკვლას არ გულისხმობს და გამორიცხული და წარმოუდგენელია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს მსგავსი გეგმა ჰქონოდა. სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურის მიერ აღკვეთილ ტერაქტთან დაკავშირებით მექა ხანგოშვილი „მედიაცენტრ მთავარს“ ესაუბრა.

მექა ხანგოშვილი: წარმოუდგენელია, დღევანდელი ტექნოლოგიების პირობებში, ის ინფორმაცია დავიჯერო, რაც გაავრცელეს. მით უმეტეს, ყველამ ვიცით, ჩემი ჩათვლით, რომ ჩვენი ტელეფონები ისმინება. წარმოუდგენელია, რომ ტელეფონით ტერორისტული აქტი დაგეგმო. ვერანაირ ლოგიკაში და აზროვნების ჩარჩოში ვერ ჯდება. თუ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ესეთი რაღაცა დაგეგმა, მაპატიოს, თვითონაც დასაჭერი ყოფილა. მე არ მჯერა ამისი.

„მედიაცენტრი მთავარი:“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს მოუსმინეთ? გეცნობათ მალხაზ მაჩალიკაშვილის ხმა?

მექა ხანგოშვილი: ღმერთმა ნუ ქნას სიმართლე იყოს. რატომღაც, მაშინაც, როცა ახალგაზრდა ბიჭი საწოლში ჩაცხრილეს, ამბობდნენ, რომ ისეთი ფაქტები გვაქვს, ცხელ-ცხელი. აგერ, წელიწადნახევარი გავიდა და იმ საწყალი მოკლული ახალგაზრდის შესახებ დანაშაულის ქმედების დამადასტურებელი არც ერთ ფაქტი გამომზეურებულია. რა თქმა უნდა, უნდობლობა და ეჭვი ამ შემთხვევაშიც არსებობს.

„მედიაცენტრი მთავარი:“ კონკრეტულად, რატომ არის დაუჯერებელი, რა არის წარმოუდგენელი?

მექა ხანგოშვილი: ღმერთმა ნუ ქნას. ძალიან რთულია ამ მდგომარეობაში ყოფნა. მან კარგად იცის, რომ 100 თვალი და ყური უყურებს და აბსოლუტურად, ყველანაირად გადიდებული ლუპის ქვეშ იყო მისი ყოველი მოძრაობა. ამ დროს, მსგავსი რამის დაგეგმვა ჩემთვის წარმოუდგენელია. ეს მთელი პანკისის ხეობისთვის დაუჯერებელია. 200 წლის განმავლობაში, ქისტების, ხეობაში ცხოვრების მანძილზე ამაზე უარესიც უნახავთ და არასოდეს მსგავსი რაღაც არც დაუგეგმავთ და არც ჩაუდენიათ. ვერ წარმომიდგენია, რომ მიუხედავად იმ დიდი ტკივილისა. მალხაზ მაჩალიკაშვილს მსგავსი რამე დაეგეგმა. ჩვენი ხალხის ბუნებაში, მსგავსი ტერორისტული აქტები არ ზის.

„მედიაცენტრი მთავარი:“ ქალბატონო მექა, თქვენი ტრადიციის მიხედვით, სისხლის აღება ჩვეულებრივი მიღებული ფორმაა. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება თუ წარსულში დარჩა?

მექა ხანგოშვილი: დიახ, გიდასტურებთ, რომ უშუალოდ, დამნაშავის სისხლის აღების ტრადიცია, კი, არის ჩვენთან. მაგას არ უარვყოფ, მაგრამ მსგავსი რამ, რომ საფლავზე უნდა მისულიყვნენ და თან ეს ხდებოდა ტელეფონით წარმოუდგენელია. თუ მსგავსი გეგმა ექნებოდა და მას გამოაშკარავებდნენ, ის (მაჩალიკაშვილი) აუცილებლად იტყოდა. აღიარებდა, რომ რადგან არავინ დამეხმარა სიმართლის პოვნაში, საკუთარი ძალებით გადავწყვიტე სიმართლის პოვნა და ჩემი შვილის გამო შურისძიება მინდოდა-ო.

„მედიაცენტი მთავარი:“ ანუ, სისხლის აღების ტრადიციის დღესაც მოქმედებას ადასტურებთ, თუმცა, ამბობთ, რომ სისხლის აღება ტეროტისტულ აქტს გამორიცხავს?

მექა ხანგოშვილი: რასაც ჰქვია სისხლის აღება, სულ სხვაა და ტერორისტული აქტი სულ სხვა. ჩვენი ტრადიციის მიხედვით, მიღებულია უშუალოდ მკვლელის მოკვლა და არა რაღაც საფლავზე დაკვლა. გვქონია უშუალოდ შემთხვევები, როცა მკვლელს კლავენ. მალხაზ მაჩალიკაშვილი, ამ შემთხვევაში, უფრო ჭირისუფალია და გამორიცხულია, ეს ჭირისუფალს დაეგეგმა. მით უმეტეს, 18-20 წლის ძმის შვილი გამოეყენებინა ამ საქმეში იმდენად ამორალურია, არანაირ ზნეობრივ ჩარჩოში ჯდება. არ მგონია, ძმისშვილი ამ საქმეში გაერია და გაეწირა. მე ვსაუბრობ ჩემი მენტალიტეტიდან და ზნეობიდან გამომდინარე. შეიძლება, როდესაც ქვეყანაში სამართალს ვერ პოულობ გაღიზიანდე, მაგრამ საფლავი ჩვენთვის წმინდაა და იქ მსგავსი რამის დაგეგმვა და ადამიანის მოკვლა წარმოუდგენელია.

მსგავსი თემები