“ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრებაში ერთ-ერთი მძიმე დრო დგება და ჩვენ ამ პერიოდის მხოლოდ დასაწყისში ვართ” – სალომე ზურაბიშვილი

“ერთად უნდა გავუმკლავდეთ ურთულეს გამოწვევას, თუ არ გვინდა, რომ საქართველომ გაიზიაროს ის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნები ვერ აცდნენ”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დღეს წითელი პარასკევია, დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღე და უჩვეულოა, რომ ამ დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა საჭიროდ ჩათვალოს მიმართოს თავის ხალხს. საჭიროდ მივიჩნევ იმიტომ, რომ ახლა ჩვენი სახელმწიფო ცხოვრებაში ერთ-ერთი მძიმე დრო დგება და ჩვენ ამ პერიოდის მხოლოდ დასაწყისში ვართ.

ყველა მონაცემი, სხვა ქვეყნების გამოცდილება, ექიმების გაფრთხილებები, ეპიდემიოლოგების შეფასებები და მიმდინარე პროცესი გვიჩვენებს, რომ არ გვაქვს არც მოდუნების და არც თვითკმაყოფილების უფლება.

პირიქით, ახლა იწყება შიდა გავრცელების კრიტიკული ფაზა, რომელიც გულისხმობს ინფიცირებულების რაოდენობის მკვეთრ ზრდას და დიდი ალბათობით, მსხვერპლის მნიშვნელოვნად მატებას. ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ურთულეს გამოწვევას, თუ არ გვინდა, რომ საქართველომ გაიზიაროს ის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც ჩვენზე უფრო ბევრად ძლიერი ქვეყნები ვერ აცდნენ.

თუ დაწვრილებით არ ვიცით და ვერ გავთვლით, როდის იქნება ეს პიკი ერთი რამ მაინც კარგად უნდა გვესმოდეს, ის რომ პიკი გარდაუვალია. ისევე როგორც უნდა გვესმოდეს, რომ ეს დაავადება ყველას შეიძლება შეეხოს. ამიტომ, ისევე როგორც პირველ ეტაპზე მთავრობამ მოახდინა დროული და ეფექტიანი რეაგირება, რამაც ჩვენი ქვეყანა სამაგალითო ქვეყნების რიგში ჩააყენა, დღესაც, ამ კრიტიკულ მომენტში სიტუაციის უფრო დამძიმებამდე იღებს აუცილებელ ზომებს და როგორც იცით ამ დღეებში მომმართავს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები