„ჩვენი პოლიტიკურ-გენეტიკური კოდით, კოალიციის შესაძლო სუბიექტები ვართ“ – დავით უსუფაშვილი

„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი მომავალ პარლამენტში, საკუთარ პოლიტიკურ ძალას კოალიციის შემადგენლობაში განიხილავს. ექნება თუ არა მას კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ არ აკონკრეტებს, თუმცა, როგორც „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, კოალიციის შესაქმნელად მთავარია პროგრამული, იდეოლოგიური, მორალურ-ზნეობრივი, პრინციპული საკითხების მიმართ თანხვედრა.

„პროპორციული არჩევნებს სწორედ იმიტომ ვუჭერთ მხარს, რომ კოალიციურ, მრავალპარტიულ, დემოკრატიის აუცილებლობას ვხედავთ ამ ქვეყანაში. საქართველომ უნდა დაასრულოს მოჯადოებული წრე, როცა ვეძებთ ერთ ადამიანს და მის თანაშემწეებს. გამოსავალი კოალიციური მთავრობებია, ვინაიდან, კოალიცია იძულებულს ხდის ადამიანებს შეთანხმდნენ რაღაცაზე და გათავისუფლდნენ იმ შეხედულებისგან, რომ „მე ერთს შემიძლია ყველაფერი“, „მე ერთმა უნდა მივიღო ისეთი უმრავლესობა რომ მერე ხელი არავინ შემიშალოს ჩემი გადაწყვეტილებების მიღება-შესრულებაში“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

კითხვაზე, „შენების მოძრაობა“ განიხილავს თუ არა კოალიციას „ქართულ ოცნებასთან“, დავით უსუფაშვილმა არც უარყო და არც დაადასტურა.

„შენების მოძრაობა“ თვლის, რომ კოალიციური ხელისუფლებები გვჭირდება. ჩვენ, პოლიტიკური-გენეტიკური კოდით ვართ კოალიციის შესაძლო სუბიექტები და არა ერთპარტიული მმართველები. კოალიციას განვიხილავთ იმ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში დაგვხვდებიან და გარდა ამისა, ვისთანაც აღმოგვაჩნდება პროგრამული, იდეოლოგიური, მორალურ-ზნეობრივი, პრინციპული საკითხების მიმართ ყველაზე მეტი თანხმობა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები