“ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ მხარდაჭერა ყველაზე მაღალია“ – თამარ ჩუგოშვილი

“ქართული ოცნების” ამომრჩეველმა ხმა მისცა ორივეს – პარტიასაც და კანდიდატსაც. ლადო კახაძე არის ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს მთაწმინდის ოლქის თემატიკას, თავის ამომრჩეველს და მთაწმინდელებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. მას პოლიტიკური გამოცდილებაც აქვს და შეძლებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილებას“ – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, თუ კანდიდატის მიმართ არსებობს მიუღებლობაა, ასეთ დროს ძალიან რთულია პარტიის, პოლიტიკური გუნდის რეიტინგით არჩვენების შედეგების, თანაც კარგი შედეგების დადება.

„ამ შემთხვევაში ორივე კომბინაციაა, თუმცა, რა თქმა უნდა პარტიის რეიტინგი ყოველთვის ეხმარება კანდიდატს. რთულია გაზომვა ვისი წილი როგორია. წამყვანი არის პარტია. შეიძლება კანდიდატი სხვა ყოფილიყო და მასაც ასეთი მაღალი შედეგი დაედო, თუმცა ის, რომ მთაწმინდის ამომრჩეველმა მხარი ლადო კახაძეს დაუჭირა, ბევრ რამეზე მეტყველებს“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება შალვა შავგულიძეს თამარ ჩუგოშვილის თქმით, მის არჩევანს – წასულიყო ვანო მერაბიშვილის გუნდში მთაწმინდის ამომრჩეველმა უპასუხა.

„მას როგორც იურისტობის ასევე პოლიტიკოსობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ მან გადაწყვიტა რომ ვანო მერაბიშვილის გუნდში წასულიყო და შესაბამისად, ამასაც უპასუხა მთაწმინდის ამომრჩველმა“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, შუალედურ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერებმა დიდი ნდობა გამოუცხადეს.

„მადლობა მათ, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამას ყველა ვაცნობიერებთ, რაც შეეხება მოლოდინს, მოსახლეობა და ჩვენი მხარდამჭერები ჩვენგან მეტ ეფექტურობას ელოდებიან. ფაქტია, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ მხარდაჭერა ყველაზე მაღალია ქვეყანაში და ყველა არჩევნები ამას აჩვენებს. აბსოლუტურად არ ვიზიარებ იმ დრამას, რასაც სხვადასხვა სატელევიზიო არხებიდან მოედინება საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. ყველანაირი მცდელობებია, რომ საარჩევნო პროცესები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და საზოგადოების ნდობა შემცირდეს, რაც ძალიან ცუდია. სახელმწიფო ინსტიტუტების, მით უმეტეს, დემოკრატიული ინსტიტუტების ასე დაზიანების მცდელობა ძალიან არასწორი და მიუღებელია. მიუხედავად ამისა, საზოგადოება ძალიან კარგად აცნობიერებს არჩევნები რეალურად როგორ ტარდება, სწორედ ამიტომ, საზოგადოებამ ამ არჩევნებში საკმაოდ მაღალი მხარდაჭერა გვაჩვენა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და 2020 სთვის განსაკუთრებული მომზადება გვჭირდება იმისთვის რომ ეს ნდობა, რომელიც კიდევ ერთხელ გამოგვიცხადეს, გავამართლოთ“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი თემები