“ჩვენი პოზიციები ძალიან პრინციპული და მკაცრი იქნება” – არჩილ თალაკვაძე რუსეთის დელეგაციის ვიზიტზე

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დათმობა ეროვნული ინტერესების ხარჯზე  ვერ და არ მოხდება.  აღნიშნული განცხადება არჩილ თალაკვაძემ  ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ქართული მხარე საერთაშორისო ვალდებულებას შეასრულებს და ამავდროულად საქართველოს ეროვნული ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული.

„საქართველომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა ჩაიბარა, რაც ნიშნავს, რომ, ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებები გვაქვს, რომ ევროპის საბჭოს სამუშაო პროცესი ვუზრუნველვყოთ ისე, როგორც ეს წინა თავმჯდომარე ქვეყანამ გააკეთა. ეს დადგენილი პრაქტიკაა და ჩვენ ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს შევასრულებთ იმ ფარგლებში, რასაც ჩვენი ეროვნული ინტერესები ითვალისწინებს. ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარი კომპრომისი და არავითარი დათმობა არ მოხდება“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან, საქართველოში რუსეთის საგარეო მინისტრის, სერგეი ლავროვის შესაძლო ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პოზიცია პრინციპული და მკაცრი იქნება.

„ლავროვთან და რუსეთის დელეგაციასთან დაკავშირებით პირველი განცხადებები ჩვენ გავაკეთეთ. ოპოზიციის უკან მიდევნებული მკაცრი რიტორიკა არაფერს ცვლის. კარგად ვიცით, რუსეთი ახორციელებს უკანონო ოკუპაციას და ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატში, სადაც ჩვენ შევხვდებით რუსეთის დელეგაციას, თუ მის წარმომადგენლობას, მინისტრებს, თუ ხელმძღვანელ პირებს, ჩვენი პოზიციები ძალიან პრინციპული და მკაცრი იქნება. რაც შეეხება ამ შეხვედრის ჩატარებას, ევროპის საბჭოსთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ და რა ფორმატით ჩატარდება“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ, მიმდინარე წლის მაისში, საქართველოში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის  სხდომა ტარდება, სადაც რუსეთის დელეგაციაც მონაწილეობს.  

მსგავსი თემები