“ჩვენი მიზანია, დისტანციური პროგრამის მეშვეობით, გალში მაცხოვრებელ ქართველ მოზარდებს, მშობლიური ენა ვასწავლოთ” – ჯემალ გამახარია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია თვლის, რომ რაც ენგურს მიღმა, კონკრეტულად კი, გალის რაიონში ხდება, არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე.  

მისი თქმით, იმ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებისთვის, არათუ მშობლიურ ენაზე სწავლა, არამედ საუბარი და სიმღერაც კი აკრძალულია.

როგორც ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აცხადებს, უმაღლესმა საბჭომ, ენგურს მიღმა დარჩენილი ქართველი მოსწავლეებისთვის, უკვე დაიწყო პროექტის განხორციელება, რაც ქართული ენისა და პროგრამული საგნების დისტანციურად სწავლებას გულისხმობს.  

მისი თქმით, ამ მეთოდით, ცდილობენ, შეაღწიონ თითოეულ ქართულ ოჯახში და ქართველ მოზარდებს მშობლიური ენა ასწავლონ:

„დედამიწაზე უამრავი ოკუპირებული ტერიტორია არსებობს, მაგრამ ისე არსად ირღვევა ადამიანის უფლებები, როგორც ენგურს მიღმა. რაც იქ ხდება, ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე. იქ არათუ სწავლა მშობლიურ ენაზე, არამედ საუბარიც არ შეიძლება, სიმღერა არ შეიძლება, გამოსაშვებ საღამოზე ბავშვმა რომ იმღეროს ქართულად, ამისთვის იქ მთელი სკოლის დირექციას და პედაგოგებს მოხსნიან. ამის გამო,  აუცილებლად მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, გარდა ამისა, ჩვენ, უმაღლესმა საბჭომ, გადავწყვიტეთ და უკვე დავიწყეთ დისტანციური სწავლება ქართველი მოზარდებისთვის.

ჩვენი მიზანია, ამ პროგრამის მეშვეობით, ამ დისტანციური სწავლების მეშვეობით, გალის რაიონში მაცხოვრებელი ადამიანების ოჯახებში შევიდეთ. შეიძლება ყველა ოჯახში არ იყოს სკოლის მოსწავლე, მაგრამ მათ უმეტესობას მოსწავლე ჰყავს და ყველა ამ ოჯახში ნელ-ნელა, უკვე შევდივართ. ქართულ ენაზე, საქართველოს განათლების სამინისტროს პროგრამით, ვასწავლით ბავშვებს დისტანციურად. ქართულად, ქართული პროგრამით, ქართული სახელმძღვანელოებით. თავიანთ კომპიუტერებში და სმარტფონებში, მათ აქვთ შესაძლებლობა, მოუსმინონ ქართულ ენაზე გაკვეთილებს, დაწყებული პირველი კლასიდან, დამამთავრებელი კლასის ჩათვლით, ნებისმიერ საგანში.

ჯერ  ვერ გეტყვით, რომ მთელი მოსახლეობა მოვიცვით, მაგრამ დღითიდღე იზრდება ამ ადამიანების რიცხვი. სამწუხარიდ, მათთვის საფრთხისშემცველია, ხმამაღლა განვაცხადოთ რასაც ვაკეთებთ, და მოვუწოდოთ, რომ მოვიდნენ და ჩაეწერონ, რადგან ამან შესაძლოა, უკურეაქცია გამოიწვიოს ოკუპირებულ რეჟიმში და სადამსჯელო ღონისძიებები განახორციელონ, მაგრამ ჩვენ ვხვდებით იქაურ პადაგოგებს, იქ მაცხოვრებელ ადამიანებს, მოსწავლეებს, ამ დღეებშიც გვქონდა შეხვედრა ორი დღის განმავლობაში ზუგდიდში და ძალიან ბევრმა, ვინც ჯერ არ არის ჩართული, გამოთქვა პროექტში ჩართვის სურვილი. ეს ყველაფერი არის სწორედ მიმართული დეოკუპაციისკენ,“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები