“ჩემმა თანამშრომელმა კორონოვირუსზე რამდენიმე ცრუ შეტყობინება ხუმრობით გააგზავნა” – შუქრი ბურჭულაძე

პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მისმა თანამშრომელმა კორონავირუსზე ცრუ შეტყობინება რამდენიმე მეგობართან ხუმრობით გაგზავნა.

„ჩემი ინფორმაციით, არავინ არ არის დაკავებული. გუშინ, როდესაც მოხდა მთავრობისგან საინფორმაციო შეტყობინებების გაგზავნა, ამავდროულად რომელიღაცა სხვა კომპანიიდან დაიგზავნა გარკვეული რაოდენობის  ცრუ მესიჯები. დაემთხვა ისე, მთავრობის შეტყობინებების დაგზანის შემდგომ, ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი გაეხუმრა ოჯახის წევრებს, დედას, დას და ორ მეგობარს. დააგზავნა ექვსი მესიჯი.  რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი რამ მოხდა. ჩვენ წარმოდგენა არ გვქონდა ამასთან დაკავშირებით და ჩავატარეთ შიდა გამოძიება. თავად გამოტყდა ეს თანამშრომელი, რომ ხუმრობის სახით, მხოლოდ თავის ოჯახის წევრებს, ახლობლებს გაეხუმრა და გაუშვა მესიჯები. ეს თანამშრომელი გათავისუფლებულია სამსახურიდან“,- აღნიშნა შუქრი ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძის შვილის ოფისში სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები გუშინ ჩაატარეს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ყალბია სმს შეტყობინება, თითქოს, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.

„მოქალაქეთა ნაწილს მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაეგზავნა ინფორმაცია, თითქოს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და კარანტინის გამოცხადება ამ ეტაპზე არ იგეგმება. ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გაითვალისწინონ მსოფლიოში და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა“- აღნიშნული იყო განცხადებაში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ 16 მარტს გაავრცელა.

მსგავსი თემები