“ჩემი ქალაქი კვდებოდა, დამწვარი თვალებიდან ცრემლი არ მდიოდა” – დავით თევზაძის ემოციური სტატუსი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, 25 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს და სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

“დღეს ჯვართამაღლებაა საქრისტიანოში…
დღეს ჩემი მშობლიური ქალაქი კვდებოდა და მე აგონიას ვესწრებოდი. აღარც რა შემეძლო, ყელში რაღაც გაჩხერილიყო და ჩაშავებული და დამწვარი თვალებიდან ცრემლი არ მდიოდა. უბრალოდ მივშტერებოდი სიცარიელეს, რომელიც ნელ-ნელა გვიახლოვდებოდა და თანდათან გვყლაპავდა სუყველას. მას მერე, დიდხანს ვიარეთ დაცარიელებულებმა… მას მერე, ვერც შავი გავიხადე დიდხანს… წლების შემდეგ, როდესაც მამაჩემის სასთუმალთან ვიდექი, ვუყურებდი როგორ ებრძოდა სიკვდილს დაუძლურებული, ანაზდად, თვალწინ სოხუმის ცარიელი ქუჩები წარმომიდგა, ჩემი ბოლო პოზიცია ესტაკადასთან და თექვსმეტი მეთაურთან დარჩენილი მეომარი, რომელთაგან ყველაზე უფროსი, მგონი ოცისაც არ იყო… ეს დღეს იყო… ახლა, როდესაც ვწერ, ისევ დავინახე თავიდან ყველაფერი და ისევ შიგნიდან დამცალა რაღაცამ: დღეს ჩემი ქალაქი მოკლეს 93-ში…
“აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვრითა ბარბაროზთა ზედა ღვთივ-დაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე, და საფარველსა შენსა ქვეშე ჯვრისა შენისა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა!” – წერს თავით თევზაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მსგავსი თემები