“ჩემი მოკრძალებული თხოვნა ბავშვთა ცენტრებს – დინამიკებს დაუწიეთ!” – ნათია ფანჯიკიძე

გადაჭარბებული ხმაური და ბავშვებისთვის, ხშირად, სრულიად შეუფერებელი გარემო ბავშვთა ცენტრებში – აღმოჩნდა, რომ ამ პრობლემით საქართველოში, უამრავი მშობელია შეწუხებული.

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე ამბობს, რომ ბავშვთა ცენტრებში ხმამაღალი მუსიკით, ბავშვებთან ერთად, დიდებიც შეშინებულები არიან.

“ჩემი მოკრძალებული თხოვნა ბავშვთა ცენტრებს, – დინამიკებს დაუწიეთ, თუ ხალხი ხართ, ბავშვს ისე შეეშინდა, ხელიდან არ ჩამოვიდა მთელი თავისი დაბადების დღე, რამდენიმე შეშინებული ბავშვი დროზე ადრე წავიდა, უფროსებს კი “კაპლი” ჩამოვურიგე, რომ ახდილი თავის ქალა დახურვოდათ.

და საერთოდ, რა საინტერესო საკვლევია ეს აგრესიული ხმამაღალობა, თუნდაც რესტორნებში. თუ გიმღერეს, გვერდით მჯდომს რომ ხმა გასცე, ხმის იოგებს იწყვეტ და სამი ღამე აღარ გეძინება. ტერორია ერთგვარი. რისი სიმპტომია ეს ნეტავ? – შიში, რომ ადამიანებმა ურთიერთობა, ან საკუთარ ფიქრთან დარჩენა ვერ მოახერხონ, თუ უუფლებო საზოგადოებაში ხმის ძალად გაგონების აუცილებლობა, – “მისმინეთ თქვენი”…. არ ვიცი, სხვები რას ფიქრობენ, მაგრამ მე მგონია, რომ უკეთ მოგისმენთ, თავი თუ მხრებზე შეგვრჩა”, – წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

ფანჯიკიძის ამ პოსტს ბევრი საზოგადოებისთვის ცნობილი თუ უცნობი ადამიანი გამოეხმაურა. მათ შორისაა, ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა.

“მე თემო აღარ დამყავს ასეთი ტიპის “ზავედენიებში”. რჩევა აქვთ ასეთი – უნდა შეეჩვიოსო. ხომ ვერ მეტყვი რატომ? რატომ შევაჩვიო ისტერიკას?”, – წერს მაკა ჩიჩუა.

“საშინელებაა ეს ხმამაღალი მუსიკა ყველგან! სპეციალურად აკეთებენ რესტონრებში რომ საშინელი დაკვრის და სიმღერის ხარისხი უბრალოდ იმით გადაფარონ, რომ არაფერი აღარ გესმის, მაგრამ ეს უკვე აღარ მესმის. ბავშვთა ცენტრებში ხო მაინც უნდა იყოს რაღაც კონტროლი! აბსოლუტურ მარაზმში ვცხოვრობთ!”, – წერს საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი.

კანონი ხმაურის შესახებ 2017 წლის 15 აგვისტოდან ამოქმედდა. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების თანახმად, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება და ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენება ადმინისტრაციული წესით დასჯადია. ხმაურის ნორმების დარღვევის პირველ შემთხვევაზე მოქალაქეს აფრთხილებენ, ხოლო თუ ერთი წლის განმავლობაში ფაქტი განმეორდა, ის 150 ლარით ჯარიმდება. იურიდიული პირის შემთხვევაში ჯარიმა კი 500 ლარია.

მსგავსი თემები