„ჩემი ინტიმური ცხოვრების არ მეშინია, მხოლოდ საპირისპირო სქესთან ვცხოვრობ და ამით ვარ ძლიერი“ – სანდრო ბრეგაძე

„რეჟისორებმა ჩემი ინტიმური სცენარები სად ნახეს არ ვიცი, თუმცა მე, ჩემი ინტიმური ცხოვრების არ მეშინია. გადახრების გარეშე ვცხოვრობ და ამით ვარ ძლიერი“ –  ეს განცხადება „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და ოსკარზე წარდგენილი ფილმის რეჟისორებს მოუწოდა, საქართველოში ამ „სიბილწის პროპაგანდის“  ჩვენება არც გაბედონ.

ქართული ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ,” რომლის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბერს იმართება, საზოგადოების ერთი ჯგუფის გაღიზიანებას იწვევს. სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავეს ეხება, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც მას ამბიციური მეტოქე შეუყვარდება. ფილმის პროდიუსერები აცხადებენ, რომ მათ ნამდვილ ისტორიებზე აგებული, ქართული საზოგადოების პრობლემები გადმოსცეს.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ფილმის პროდიუსერმა  ქეთი დანელიამ განუცხადა, ინტიმური ცხოვრება ყველას გააჩნია და ფილმში მსგავსი სცენების გადაღება პრობლემას არ უნდა ქმნიდეს, მათ შორის არც სანდრო ბრეგაძისთვის, რომელიც თავადაც არის დაკავებული ინტიმური ცხოვრებით.  

პროდიუსერს სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ უპასუხა და განაცხადა, რომ საკუთარი ცხოვრებით არ ეშინია.

„არ ვიცი, ჩემი ინტიმური დეტალები, ბაჩო ახალაიას, დათა ახალიას,  „სოდ“-ის თუ „კუდ“-ის შენობაში ფილმის რეჟოსორებს ვინ ანახა, თუმცა, ვიცი, რომ ამ ფილმის ავტორები დაკავშირებულნი არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან.“ თუ მათ ჩემი ინტიმური სცენები დათა ახალაიამ ან სოსო თოფურიძემ ანახა და თუ ისინი შანტაჟის ენით მესაუბრებიან, მე ჩემი ინტიმური ცხოვრების ნამდვილად არ მეშინია, რადგანაც მე ყოველგვარი გადახრებისა და სხვა სახის ურთიერთობების გარეშე ცხოვრობ. აქედან გამომდინარე, მე, ინტიმური ურთიერთობები მქონია მხოლოდ და მხოლოდ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან. ხოლო, ჩემი სქესის წარმომადგენელთან არასდროს მქონია. ამითი მე ვარ აბსოლუტურად ძლიერი და თუ მათ საუბარი აქვთ თავიანთ გაუკუღმართებულ სექსუალურ ორიენტაციაზე, ვფიქრობ, რომ დაუდგათ ის დრო, რომ არა ფილმები გადაიღონ და პროპაგანდა გასწიონ, არამედ მივიდნენ ეკლესიაში. მოინანიონ და ილოცონ თავიანთი სულის გადასარჩენად“ – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

შეგახსენებთ, რომ „ქართული მარში“  ფილმის პრემიერის ჩაშლას გეგმავს: „გვექნება დიდი სიურპრიზი. ამ სიურპრიზს 8-ში ნახავს ყველა. ჩვენ არ ვაპირებთ კომბლებით და ქამრებით გამოსვლას. ვაპირებთ თანამედროვე, ცივილიზებული ფორმებით ამ კინო ჩვენების ჩაშლას“.

მსგავსი თემები