“ჩემი ვარაუდით, ივანიშვილი ხაზარაძის დაპატიმრებას აპირებს” – ირაკლი ოქრუაშვილი

ცოტახნის წინ დასრულდა „გამარჯვებული საქართველოსთვის“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის პრესკონფერენცია, სადაც მან მისი დაცვის წევრისა და მეგობრის დაპატიმრებასა და “თიბისი ბანკის” საქმეზე ისაუბრა.

​ოქრუაშვილმა მისი დაცვის წევრისთვის პატიმრობის შეფარდებას პოლიტიკური შურისძიება უწოდა, ხოლო “თიბისი ბანკის” საქმეზე ივარაუდა, რომ ხაზარაძეს უახლოეს მომავალში დაიჭერენ.

„აშკარაა, რომ ივანიშვილმა დაიწყო ტერორი, რაც პირველ რიგში, გამოიხატა ჩემი მეგობრისა და დაცვის წევრის დაპატიმრებაში, რომელსაც იარაღი ჩაუდეს. გუშინ, გვიან, სააპელაციო სასმართლომ უარი გვითხრა მისი საჩივრის განხილვაზე, რომ შეეცვალათ პატიმრობა. საერთოდ ისე დატოვა და იმის ნაცვლად, რომ განეხილა და თუნდაც ფასადურად ეთქვათ უარი, საჩივარი საერთოდ არ მიიღეს. ეს უკვე აშკარად მიუთითებს ხელისუფლების ჩარევაზე ამ პროცესში და ნათლად აჩვენებს ერთ რამეს, რომ მისი დაკავება იყო პოლიტიკური, რომელიც ემსახურებოდა ერთ მიზანს: მოეხდინათ ზეწოლა ჩემზე.

ასევე ნათლად გამოჩნდა, რომ ივანიშვილი ძალიან გაღიზიანებულია ყველა აქტიური ადამიანის მოქმედებით, რომელიც მის წინააღმდეგ გადადგამს ნაბიჯს. ამის გამო, მან მამუკა ხაზარაძეს წაუყენა ბრალი და ჩემი ვარაუდით, აპირებს მის დაპატიმრებას. ეს მხოლოდ და მხოლოდ მიუთითებს ერთ რამეს, ხელისუფლება არის ძალიან აჭრილი და ივანიშვილს წარმოდგენა არ აქვს, რას ეთამაშება. გარკვეული სახის ნაჯახით მოქმედება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მხოლოდ და მხოლოდ დააჩქარებს მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორებას“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მსგავსი თემები