“ჩემთვის საჯაროდ მედიით რაც არის ცნობილი, იგეგმებოდა ერთ- ერთ ჟურნალისტთან მიმართებაში განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის განხორციელება” – ანრი ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რომ რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, გასარკვევია რა იგეგმებოდა რეალურად და რა კავშირი ჰქონდა ამასთან ქვეყნის შიგნით არსებულ ჯგუფებს.

“ჩემთვის საჯაროდ მედიით რაც არის ცნობილი, იგეგმებოდა ერთ- ერთ ჟურნალისტთან მიმართებაში განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის განხორციელება. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მივცეთ გამოძიებას მსვლელობის შესაძლებლობა და ნაადრევად არ გავაკეთოთ ისეთი განცხადებები, რომელმაც შესაძლოა, იმოქმედოს განწყობის შექმნაზე. აქედან გამომდინარე, მთავარია გამოძიება მივიდეს ბოლომდე. რაც მთავარია, შეუიარაღებელი თვალით იკვეთება გარკვეული ტენდენციები რევოლუციური სცენარების და შეუიარაღებელი თვალით იკვეთება ისიც, რომ გარკვეული დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი მიზნებისთვის, როგორც ჩანს, რაღაცას გეგმავდნენ. საუბარია ქვეყნაში მიმდინარე საკითხებზე და ქვეყნის შიგნით არსებულ ჯგუფებზე, გასარკვევია და უნდა დადგინდეს ვის რა კავშირი ჰქონდა, რა იგეგმებოდა რეალურად – რასთან მიმართებაში რა სცენარი. ჩვენთვის ჩვენი თითოეული მოქალაქის სიცოცხლე არის მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ სიცოცხლე დაცულია, მოხდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის აღკვეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. ეს არ არის მარტივი საკითხი, როცა შესაძლოა, სხვადასხვა სცენარებით ხდებოდა აღნიშნულის დაგეგმვა, მათ შორის, ქვეყანაში გარკვეული დესტრუქციული სცენარების შემდგომი განვითარებით. ძალიან მძიმე რამ იგეგმებოდა, ფაქტია, ეს აღკვეთა უსაფრთხოების სამსახურმა და დანარჩენზე უნდა დაველოდოთ გამოძიებას, მთავარია, შენარჩუნდა სიცოცხლე,”- განაცხადა ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები