“ჩემთვის არ არის საზაფხულო დასვენება, ზღვა, მთა და გართობა”- ახალგაზრდა მიმტანის ემოციური სტატუსი

ინტერნეტმომარებელი რომეო მალაზონია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ახალგაზრდებს მოუწოდებს, ქუჩაში უსაქმოდ დგომის ნაცვლად იშრომონ და საკუთარი საჭიროებებისთვის ფული ყოველთვის მშობლებს არ სთხოვონ, არ იდარდონ, თუ ბოლო გამოშვების ტელეფონი და ავტომობილი არ ექნებათ. მშობლებს კი მოუწოდებს, შეუნარჩუნონ შვილებს ბავშვობა.

რომეო, თანატოლებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და ამბობს, რომ 15 წლის ასაკიდან საკუთარი შრომით ირჩენს თავს და ერთადერთი იმაზე წუხს, რომ 20 წლის ძმა, გვერდით არ ჰყავს, რადგან მან  სასულიერო ცხოვრება აირჩია და თავი უფალს მიუღვნა.

“15 წლის ასაკიდან ვმუშაობ მიმტანად რესტორნებში. არ მიკავია ბოლო გამოშვების ტელეფონი, არ მყავს ბოლო გამოშვების მანქანა, არ ვცხოვრობ სასახლეში, არ მაცვია ბრენდები. 15 წლის ასაკიდან ვიცი რას ნიშნავს საკუთარი ოფლით ნაშოვნი ფული, 15 წლის ასაკიდან ვიცი რომ მშობლებზე დამოკიდებული არ ვარ. 15 წლის ასაკიდან ვისწავლე რა არის ცხოვრება. დღესაც 18 წლის ბავშვი ვარ, რომელიც ჯერ კიდევ ემსახურება ამ საქმიანობას. ჰო, ჩემთვის არ არის საზაფხულო დასვენება, ჰო ჩემთვის არ არის ზღვა, მთა და გართობა, მაგრამ მე ვაგროვებ იმ საგზალს, რომელიც ზამთარში მარჩენს.
ჰო, არ ვარ გარეგნულად კალმით ნახატი, არ ვარ გაჩითული, არ ვცხოვრობ თბილისში, არ მაქვს ფოტოებზე 1k ლაიქი. არ მაქ ფერად ფერებში ცხოვრება. ერთადერთი ძმა აღარ მყავს გვერდით. მან თავი უფალს მიუძღვნა, რამაც დიდი ტკივილი დატოვა ჩემში. ჰო სულაც აღარ ვარ პოზიტივით აღსავსე, რა მაქვს საამისო მიზეზი?
არასდროს იწუწუნოთ თუ iphone x ვერ დაიკავეთ – ეს დასასრული არ არის, იშრომეთ ახალგაზრდებო, ოფლი შრომისთვის გამოყავით და არა ბირჟაზე, სიცხეში უსაქმოდ დგომისთვის. ნუ დაელოდებით 15 სექტემბერს, როდის გიყიდიან ჩანთას მშობლები სკოლისთვის. იშრომეთ თქვენით, ყველას არ ყავს მამა, რომლის ბარათზე თვეში 100000- ბი ირიცხება.
მე ბავშვობა დავკარგე, შეუნარჩუნეთ მშობლებო ბავშვებს ბავშვობა.
თუ ამ ყველაფრისგამო თქვენს თვალში მოსაწონი ადამიანი არ ვარ, გზა თავისუფალია.   Romeo Malazonia საქართველოდან”, – წერს იგი სოციალურ ქსელ ფეისბუქის ერთ-ერთ გვერდზე.

მსგავსი თემები