„ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში საერთო ოპოზიციურ მაგიდასთან ვიხილოთ ვანო მერაბიშვილი“- ანზორ ბიწაძე

„თუ მერაბიშვილი უერთდება ისეთ პარტიას, რომელიც წარმოდგენილია საერთო ოპოზიციურ მაგიდასთან, იმ პარტიამ უნდა უზრუნველყოს, რომ ვანო მერაბიშვილი არ იყოს წარმოდგენილი ამ მაგიდასთან, – ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას.

ანზორ ბიწაძის განცხადებით, მათი პარტია არ აპირებს ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას და მასთან პარტნიორობა არ შედგება.

„სიმართლე გითხრათ, ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში საერთო ოპოზიციურ მაგიდასთან ვიხილოთ ვანო მერაბიშვილი.

 ჩვენი პარტია კატეგორიულად არ აპირებს არანაირ თანამშრომლობას ვანო მერაბიშვილთან და არანაირი პარტნიორობა მასთან არ იქნება.“

მისივე აზრით, ის განცხადებები, რომელიც დღეს ვანო მერაბიშვილის მხრიდან გაკეთდა, არანაირ თანხვედრაში არ მოდის იმ მაგიდის ამოცანებთან, რაც საერთო ოპოზიციურ მაგიდას გააჩნია.

„საერთო ოპოზიციური მაგიდის ამოცანა არ არის ხელისუფლების დამხობა, დესტაბილიზაცია და რევოლუცია! დრო შეიცვალა და ამის სურვილი ოპოზიციაში და საზოგადოებაში არავის არ აქვს. ოპოზიცია იმიტომ არის წარმოდგენილი საერთო ოპოზიციურ მაგიდასთან, რომ სტაბილურად დემოკრატიული გზით მივიღოთ ნორმალური არჩევნების ჩატარების საშუალება და მხოლოდ ამის შემდეგ შევცვალოთ ხელისუფლება. ვინმეს რომ უნდოდეს დესტაბილიზაცია, რევოლუცია და დამხობა როგორც დღეს ითქვა, მაშინ საჭირო არ იქნება ოპოზიციური ერთობა და ჩამოყალიბდებოდა სხვადასხვა ჯგუფები,“ – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

მსგავსი თემები