ჩანაწერში ყიფიანის ხმა ისმის, თუმცა კონტექსტებია შეცვლილი – ადვოკატი “ომეგა ჯგუფის” საქმეზე

სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი, კომპანია „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან საუბრის ფარული ჩანაწერების შესახებ, სასამართლოს ახალი გარემოებების შემცველ ინფორმაციის მიაწვდის.

​როგორც ყიფიანის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, ჩანაწერებში არის გარკვეული მონტაჟი, ამოჭრილი, გადაკეთებული და იმედოვნებს, რომ ექსპერტიზა ამას დაადგენს. ჩანაწერში ნამდვილად მისი ხმა ისმის, თუმცა მონტაჟის დროს გარკვეული კონტექსტებია შეცვლილი.

​ადვოკატის თქმით, ლევან ყიფიანს ოფიციალურად ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მას ავალდებულებდა ეწარმოებინა მოლაპარაკებები გარკვეულ პრობლემებზე, როგორც კერძო, ფიზიკურ, ისე სახელმწიფო დაწესებულებებთან.

შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ლევან ყიფიანი დღეს კომენტარს გააკეთებს ე.წ. სარდაფის ეპიზოდზეც, უახლოეს დღეებში კი პრესკონფერენციას გამართავს, სადაც გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციის მის ნაწილს მიაწვდის.

აღსანიშნავია, რომ ყიფიანისა და ოქუაშვილის საუბრის ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის N180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

მსგავსი თემები