,,ჩათვალეთ, რომ ხაჯიმბა გადაგდებულია, აფხაზეთში აფხაზებისთვის ადგილიც არ დარჩება’’- ჯემალ გამახარია

„ხაჯიმბა აუცილებლად წავა თანამდებობიდან“ –  ეს  განცხადება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს კრიმინალებისა და პოლიტიკოსების ერთობლივი მოქმედება უწოდა.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, ამაზე ჩვენ ადრეც ვსაუბრობდით, აგვისტო-სექტემბერში, როდესაც აფხაზეთში ე.წ. არჩევნების პირველი და  მეორე ტური იყო. ხაჯიმბა აუცილებლად წავა თანამდებობიდან, ეს ჩემი აზრია. მოვლენების განვითარება ამას გვიჩვენებს, არა მხოლოდ გუშინდელ პროცესებზე დაყრდნობით, არამედ აგვისტო-სექტემბრიდან მოყოლებული, ხაჯიმბა განწირულია’’ – აღნიშნა გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

ჯემალ გამახარიას თქმით, ხაჯიმბა მზადაა მოლაპარაკებისთვის, თუმცა, მოლაპარაკება მხოლოდ მის გადადგომაზე შეიძლება.

„ის მარტოა და არავინ დარჩა. დეფაქტო პარლამენტმა მისი გადადგომის შესახებ მიიღო გადწყვეტილება. ხაჯიმბა გადაგდებულია. ახალი, ვინც მის ნაცვლად გამოჩნდება, მას რუსეთი ერთ-ერთ პირობად ინტეგრაციის გაღრმავებას, აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში მიღებას წაუყენებს, როგორც ასოცირებული წევრი. დეკემბრის შუა რიცვებში, სოხუმში დუმის დელეგაცია იყო ჩასული. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა უძრავი ქონების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვა იყო. ეს დარჩა მხოლოდ რუსეთს, მისი ძალისხმევაც სწორედ აქეთაა მიმართული და ამით მთავრდება აფხაზეთი. ქონება, რომელიც რუსეთმა უნდა დაისაკუთროს,  ერთ წელში შეისყიდის და იქ, აფხაზების ადგილიც არ იქნება. ასე ჩვენ მათ დავკარგავთ’’ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ ,,მედიაცენტრ მთავარში.’’

მან ხაჯიმბას სიტყვებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას ეშინია: „ხაჯიმბას აქვს ნათქვამი: მე თუ რუსების ნებას არ გავატარებ რუსები მომკლავენ, თუ ხალხის ნებას არ გავატარებ ხალხი მომკლავს, რა ვქნა არ ვიციო. ასეთი ვითარების წინაშე დადგება ის, ვინც ხაჯიმბას ჩაანაცვლებს. შემდგომში როგორ და რანაირად განვითარდება მოვლენები ამაზე წინასწარ ძნელია ვარაუდები გამოთქვა. მაგრამ, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ვინც არ უნდა მოვიდეს, პროცესები არ დაწყნარდება.’’

მსგავსი თემები