„ჩავიბარე გიორგი შაქარაშვილის კუთვნილი თეთრი ბოტასი“ – რატომ ფიგურირებს საქმეში სხვა ფეხსაცმელი?!

ოქმს, რომელიც 20 ივნისით თარიღდება, ხელს აწერს გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა მირიან ნიკოლაძე. ოქმში საუბარია, რომ ბიძამ გამოძიებისგან გიორგი შაქარაშვილის კუთვნილი თეთრი ფერის ბოტასი ჩაიბარა, თუმცა, კონკრეტული უბედური შემთხვევის დროს, გიორგი შაქარაშვილს თეთრი ფეხსაცმელი არ ეცვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჩნდა და უფრო მეტიც, კვალი გამოძიების გაყალბებისა და მტკიცებულებების გაქრობისკენ მიდის. თუმცა, როგორც ამავე ოქმის დოკუმენტის სხვა გვერდზე ვკითხულობთ, აღნიშნული ბოტასი სამართალდამცველებს გარდაცვლილის სუნის ასაღებად დასჭირდათ.

„2020 წლის 20 ივნისს, მე, გიორგი შაქარაშვილის დედის მიერ გადმომეცა გიორგი შაქარშვილის თეთრი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ჩემს მიერ წარმოდგენილ იქნა მცხეთის სამმართველოში გიორგი შაქარშვილის სუნის ნიმუშის აღების მიზნით. აღნიშნული ფეხსაცმელი გიორგი შაქარშვილს ეცვა რეგულარულად სახლში  და ფეხბურთზე. აღნიშნული ფეხსაცმლის სუნის აღების შემდეგ თანახმა მარ დავიბრუნო უკან“ – წერია ოქმში, რომელსაც ხელს მირიან ნიკოლაძე აწერს.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ეს სწორედ ის ბოტასია, რომელიც გიორგი შაქარაშვილის ბიძამ ჩაიბარა. 

შეგახსენებთ, რომ  არსებული მტკიცებულებებითა და ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარს ფეხსაცმელი არ ეცვა და საქმეში მისი ფეხსაცმელი არ ფიგურირებს.

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება

მსგავსი თემები