„შუა რგოლში არსებული ბიუროკრატია  პრობლემაა“ – ბიზნეს ომბუდსმენი

ბიზნესომბუდსმენის მიმართ დახმარების თხოვნით ბიზნეს-სექტორის მიმართვა გაიზარდა.  5 თვეში 600-მდე მიმართვა დარეგისტრირდა და პრობლემების  „ტოპ ხუთეულიც“ გამოიკვეთა.  სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მიმართვიანობის კუთხით, დედაქალაქი აქტიურია. კერძოდ,  მიმართვიანობის  64%  თბილისზე მოდის, 10% აჭარაზე, 6%- შიდა ქართლზე, 5% – სამეგრელოზე; 4%- გურიაზე, 4% – მცხეთა-მთიანეთზე; 3%-იმერეთზე; 1%-კახეთზე; 2% – ქვემო ქართლზე და 1%-სვანეთზე.
რაც შეეხება მიპასუხე მხარეებს, ანუ ვის მიმართ გააჩნია ბიზნესს პრეტენზია, მაჩვენებელი შემდეგია: ფინანსთა სამინისტრო – 42%; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 14%; ადგილობრივითვითმმართველობა – 14%; შინაგან საქმეთა სამინისტრო – 6%;  გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო- 4%; პარლამენტი – 4%;მთავარი პროკურატურა – 4% და სხვა უწყებები -13%.
რა  ძირითადი საჭიროებებით მიმართავს ბიზნესი ბიზნესომბუდმენს; როგორია პრობლემების მოგვარების მაჩვენებელი; რა რჩება სახელმწიფო სექტორში ამ დღემდე მოუგვარებელ პრობლემად და აწუხებს თუ არაბიზნესს კორუფცია –   ამ საკითხებთან დაკავშირებით მედიაცენტრი „მთავარი“  ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძე ესაუბრა.

– მიმდინარე წლის 6 თვეში, გასულ  წლებთან  შედარებით,  მომართვიანობა  გაზრდილია. მე იანვრიდან დავინიშნე,  მსგავსი საკადრო ცვლილებაც  ბუნებრივია,  გააქტიურებას  იწვევს. აღნიშნულ პერიოდში 600-მდე საკითხში მოგვიწია ჩართვა.

– ძირითადად  რა ტიპის ბიზნესი  მოგმართავთ –  წვრილი, საშუალო, თუ მსხვილი ბიზნესოპერატორი?

–  ყველა ტიპის ბიზნესი აქტიურობს. მათ შორის, ინვესტორები, ბიზნესები რეგიონებიდან.  ძალიან  ბევრი მოდის ბიზნეს-ასოციაციების გავლით.  თითქმის   ყველა  პროფილის  ბიზნესთან  გვქონია  კომუნიკაცია.

–  რა არის მათი ძირითადი გასაჭირი, რა მიმართულებით გთხოვენ დახმარებას?

–  ყველაზე ხშირი მომართვიანობა  ჯარიმებს უკავშირდება. მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან არის გარკვეული მოთხოვნები, რასაც ბიზნესი ხშირად არ ეთანხმება. მაგალითად,   ჯარიმების იმ მოცულობას, რომელიც მათ დაერიცხათ. ასევე,  არის თემები, რომელიც ნებართვების მიღების პროცედურებს უკავშირდება,  ასევე, საზედამხედველო პროცედურების შედეგად მიღებულ საკითხებს.  ხშირია ქონებრივი თემებიც.

–  ერთია მომართვა, მეორე კი ნდობა თქვენი ინსტიტუტის მიმართ. ნდობის ხარისხი როგორია, ბიზნესი გრძნობს ომბუდსმენის მხარდაჭერას?

– იმ აქტივობის ფონზე, რომელიც გაგვაჩნია, ბიზნესი საჭირო ინსტიტუტად  მიგვიჩნევს. თვლიან, რომ ჩვენი მხარდაჭერა აქვთ და პოზიციები ძლიერდება.  ამ კითხვაზე  ბიზნესის აზრი უფრო საინტერესო იქნება.  ჩვენ ვცდილობთ, საკითხს ბოლომდე გავყვეთ.

–  ერთია, რომ ცდილობთ, მეორე – შედეგი. როგორია პროცესების კულმინაცია?

– ჩვენს მიერ გაცემულ რეკომენდაციების დაახლოებით 70% ნაწილობრივ ან  სრულად დაკმაყოფილდა.   6 თვის განმავლობაში გაცემული რეკომენდაციებისა, დასკვნების და შუამდგომლობების მაჩვენებელი 80-ს აღწევს, მაშ შორის:  რეკომენდაცია – 26%;  შუამდგომლობა  – 65%; დასკვნა – 9%.

– როგორ ფიქრობთ, რა არის ძირითადი პრობლემა საკანონმდებლო, აღმასრულებელ თუ  სასამართლო დონეზე,  რაც ამ დრომდე მოუგვარებელია?

– პრობლემა რამდენიმეა. მაგალითად,  პრო-ბიზნესური მიმართულების კუთხით  სასამართლო სისტემა ითხოვს რეფორმირებას. არსებობს  ვადებთან და დავების სპეციალიზაციასთან  დაკავშირებული პრობლემები. ამიტომ მგონია, რომ პირველ რიგში, სასამარლოში საჭიროა ბიზნესის წარმოების გამოცდილების მქონე მოსამართლეები და ამ  კუთხით გაძლიერება. სასამართლოს გადაწყვეტილებები უფრო ღრმად უნდა იყოს შესწავლილი დავადებიც შემცირებული.

– ახალი პრემიერ-მინისტრი აქტიურ ყურადღებას ამახვილებს მოქნილ, ეფექტურ  მთავრობასა და ბიუროკრატიაზე. ბიზნესსექტორისთვის ბიუროკრატია არ ქმნის პრობლემებს?

– მთავრობის მეთაურს ამ საკითხში ვეთანხმებით. ბიუროკრატია შუა რგოლში სერიოზული პრობლემაა.  დღეს პირველ პირებთან ურთიერთობა პრაქტიკულად გახსნილია, ყველა უწყება მეტნაკლებად ღიაა,  მაგრამ შუა რგოლში ხშირად ხდება საკითხების შეფერხება. რიგ წერილებზე რეაგირებაც აგვიანებს, ხშირია შემთვევები, როდესაც პასუხები შუალედური და ბუნდოვანია, რაც სფეროს სისტემატიზაციას ითხოვს. სწორედ ეს არის „ტოპ ხუთეულის“ მთავარი  საკითხი,  რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს.

–  ბიზნესსექტორის კორუფციის პრობლემასთან დაკავშირებითთუ  მოუმართავს?

– ნამდვილად არა. კორუფციის საკითხებზე ბიზნესს ჩვენთვის არ მოუმართავს.  მოუმართავთ გარკვეულ  ხელშეშლასთან  დაკავშირებით, ჰქონიათ მოსაზრება, რომ სახელმწიფოს კონკრეტული წარმომადგენელი  შეიძლება ხელს უშლიდეს მათ ბიზნესს, თუმცა, ეს არის მხოლოდ ვარაუდი.  ჩვენ ბიზნესს მაქსიმალურად მხარს ვუჭერთ და მსგავსი რამ დაუშვებელია.

ესაუბრა ეკა გულუა

მსგავსი თემები