შსს ოჯახში ძალადობის მონიტორინგის ახალ სისტემაზე გადადის

2018 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით,  სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის კუთხით 4053  შემაკავებელი ორდერები გამოსცეს. 1 სექტემბრიდან კი შსს ძალადობის მონიტორინგის ახალ სისტემაზე გადადის.

რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, თბილისში მოხდა მკვლელობის 1 შემთხვევა, ჯანმრთელობის დაზიანების – 3 შემთხვევა  და ძალადობის სხვა ფორმები – 713. ამ პერიოდში, საქართველოს მასშტაბით,  ოჯახში ძალადობის  სულ 2949 შემთხვევა დაფიქსირდა  და აქედან, გაიხსნა  1820 ფაქტი.

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, 2018 წლის 1 სექტემბერს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი ამოქმედდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რისკის შეფასების ინსტრუმენტი მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვისა და განმეორებითი ძალადობის პრევენციის მნიშვნელოვანი გარანტიაა.

ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის დეტალური წესები, რომლებიც დღემდე არ არსებობდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა, არასამთავრობო სექტორთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საექსპერტო და ფინანსური მხარდაჭერით შეიმუშავა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ახალი ინსტრუმენტის, კერძოდ, სტრუქტურირებული კითხვარების საშუალებით ძალადობის ფაქტისა და მასში მონაწილე პირების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვებასა და მოძალადისგან მოსალოდნელი რისკების უკეთ იდენტიფიცირებას მოახდენენ. ეს კი, თავის მხრივ, პოლიციელს სწორი გადაწყვეტილების მიღებისა და განმეორებითი ძალადობის აღკვეთის მიზნით, ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.

მსგავსი თემები