შსს მოზარდების მკვლელობის საქმეში დაინტერესებული პირების გამოვლენაზე მუშაობს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოსაძიებლად და დამნაშავეთა დასასჯელად შესაბამის უწყებებს ვადა 10 ივნისამდე აქვთ, თუმცა, შსს- ში არ გამორიცხავენ, შედეგი უფრო ადრეც დაიდოს. მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძის ინფორმაციით, გამოძიება სწორედ იმ პირების გამოვლენის მიმართულებითაც მუშაობს, ვინც დაინტერესებული იყო პროცესებში ჩარეულიყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება დაწყებულია რამდენიმე თვის წინ და ის იმ პირების გამოსაკვეთად მიმდინარეობს, რომელთაც რაღაც ქმედებით გავლენა მოახდინეს პროცესის მონაწილეებზე – იქნებოდა ეს ფინანსური თუ სხვაგვარი გავლენები. შესაბამისად, ყველაფერს შევისწავლით და თუ დამნაშავეები დადგინდა, მოხდება შესაბამისი რეაგირება. გარკვეული ახალი გარემოებები სასამართლო პროცესზე გამოიკვეთა, რომელთა აქტიური შესწავლაც ახლა მიმდინარეობს. გამოძიების მიმდინარეობის კვალდაკვალ საზოგადოებას ათ რიცხვამდე და შესაძლოა უფრო ადრეც მივაწოდოთ ინფორმაცია“, – განუცხადა ჟურნალისტებს მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა დღეს ამ თემაზე პირველი შეფასება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქმეში ბევრი დარღვევაა და მის მიმდინარეობაში არაერთი დაინტერესებული პირი იყო ჩართული.

მსგავსი თემები