შსს არასრულწლოვნებში მარიხუანას მოხმარების ზრდას ადასტურებს

სკოლებსა და სკოლების მიმდებარედ მარიხუანას მოხმარების ფაქტების არსებობას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. როგორც მინისტრის მოადგილემ პარლამენტში აღნიშნა, ფაქტები არსებობს.

“არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა სკოლებსა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვნების მოზარდების მხრიდან მარიხუანის მოხმარების“ – აღნიშნა შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

როგორც მეზვრიშვილი აცხადებს, მარიხუანის მოხმარების რეგულირების შესახებ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში განიხილება, სწორედ მარწუხების შემოჭერას ემსახურება.

„ამ კანონპროექტის მიზანი არის მარწუხების მოჭერა ყველა გაგებით. მე ვადასტურებ აქაც, გარეთაც და ყველა პლატფორმიდან და ყველა შეხვედრაზე. დიახ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა მარიხუანის მოხმარება პირად სივრცეში, სხვაგან ყველგან ეს კანონპროექტი ითვალისწინებს მარწუხების მოჭერას. ეს კანონპროექტი გულისხმობს იმას, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკვერებში, პარკებში, სკოლებში არასრულწლოვნების თანდასწრებით, ვერავინ მოწევს მარიხუანას და თუ მოწევს დაეკისრება შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამას აქვს თავისი ლეგიტიმური მიზანი. არ ვიცი ახლა ჩვენ თუ იმაზე უნდა ვიკამათოთ არასრულწლოვნის თანდასწრებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანის მოწევა უნდა ისჯებოდეს თუ არ უნდა ისჯებოდეს. მათ შორის იმ ქვეყნების მაგალითზე, რომლებიც თქვენ მოგყავთ მაგალითად, რომლის პრაქტიკასაც თქვენ ძალიან ხშირად იშველიებთ. არც ერთ ევროპის ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სკვერებში, სკოლებში, პარკებში, ბავშვების თანდასწრებით, არსად მარიხუანის მოხმარება დასაშვები არ არის. სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრესი ამოცანაა, რომ დაიცვას მართლწესრიგი და დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და პირველ რიგში ნარკოტიკული საშუალების გავრცელებას არ შეუწყოს ხელი და თუნდაც მარიხუანის გავრცელებას არ შეუწყოს ხელი. ეს გახლავთ ამ კანონპროექტის მიზანი და ეს არის ამ კანონპროექტის მთავარი ამოსავალი“ – აღნიშნა მზევრიშვილმა.

მისივე შეფასებით, თუ საფრთხეებს ვერ ვაცნობიერებთ და ვერ ვხვდებით არასრულწლოვნებისთვის მარიხუანის ხელმისაწვდომობამ რა შედეგები შეიძლება მოგვიტანოს, დისკუსიას აზრიც არ აქვს.

 

მსგავსი თემები