„შრომის უსაფრთხოების მხრივ ვითარება  დრამატულად მძიმეა“ – საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ტყიბულში მომხდარ უბედური შემთხვევის გამო დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს და აცხადებს, რომ, ვითარება დრამატულად მძიმე და მიუღებელია,  საჭიროა აღსრულების უმკაცრესი კონტროლი.
“ამ მძიმე წუთებში, თანადგომას ვუცხადებ შახტაში მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს. ტყიბულში დღეს დატრიალებული უბედურება ცხადყოფს იმის, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა დრამატულად მძიმე და მიუღებელია. შეუძლებელია, რომ სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუოს მსგავს ვითარებას სამუშაო ადგილებზე. საჭიროა მთელი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და ცხადია, პირველ რიგში ხელისუფლების ძალისხმევა მივმართოთ შრომის უსაფრთხოების წესების აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ. ვინაიდან ეს აღარ არის მხოლოდ დასაქმებულთა უსაფრთხოების, არამედ ეს გახლავთ სიკვდილ – სიცოცხლის თემა”, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.
შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა სამი მეშახტე. ორ მათგანს გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უტარდება, ხოლო ერთს – ტყიბულის კლინიკაში.

მსგავსი თემები