„შოთაძის წარდგენით ის ადამიანები გაღიზიანდნენ, რომლებიც მას ვერ იტანენ და არ უნდათ, ისევ პროკურორად იხილონ“ – კარლო კოპალიანი

პარლამენტის წევრი კარლო კოპალიანი, რომელიც მალე ტექნიკურ უნივერსიტეტში კანცლერის პოზიციაზე გადაინაცვლებს, აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძის პროკურორობა იმ ადამიანებს არ აწყობთ, რომლებიც მას ვერ იტანენ. მთავარი პროკურორის ვაკანტურ პოზიციაზე ირაკლი შოთაძის წარდგენასთან დაკავშირებით კარლო კოპალიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„შოთაძე წარადგინა ტექნიკურმა უნივერსიტეტს აკადემიურმა საბჭომ, რომელშიც 39 მეცნიერი ირიცხება. ბატონი შოთაძე არის ტექნიკური  უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.  აქედან გამომდინარე, მისმა უნივერსიტეტმა საჭიროდ ჩათვალა მისი კანდიდატურის წარდგენა საპროკურორო საბჭოზე. ვესწრებოდი აკადემიური საბჭოს სხდომას, სადაც ეს საკითხი განიხილეს. მე არ ვარ საბჭოს წევრი და ამიტომ, კენჭისყრაში მონაწილება არ მიმიღია და არც ხმა მიმიცია“ – განაცხადა კარლო კოპალიანმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე შეფასებით, საპროკურორო საბჭომ და პარლამენტმაც სწორედ ირაკლი შოთაძეს უნდა დაუჭიროს მხარი.

„ჩემი აზრით, ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ვინც ეს კაცი წარადგინა. სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობაც თუ ამ კაცს დაამტკიცებს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე და ამასთან დაკავშირებით არაერთი არგუმენტი მაქვს. გარკვეული ადამიანების გაღიზიანება კი გამოიწვია იმან, რომ ისინი ვერ იტანენ ირაკლი შოთაძეს და არ უნდათ, ისევ გენ. პროკურორად იხილონ“ – განაცხადა კარლო კოპალიანმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები